მთავარისაქართველორა შეიცვლება საარჩევნო კოდექსში - პარლამენტში სამ მთავარ საკითხზე მსჯელობენ

რა შეიცვლება საარჩევნო კოდექსში – პარლამენტში სამ მთავარ საკითხზე მსჯელობენ

საქართველოში მომდევნო არჩევნები შესაძლოა შეცვლილი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ჩატარდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს. “ქართულ ოცნებასა” და პარტია “მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს. შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, მათ შორის ხმის დათვლის ელექტრონულ სისტემას.

2021 წლიდან საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეებს შესაძლოა ბევრი სიახლე დახვდეთ. მსჯელობა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე უკვე დაწყებულია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ, საარჩევნო ბარიერის ცვლილებაა.

 
“ამ ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი სჭირდება იმისთვის, რომ ყველა გემოვნების და პოზიციის ამომრჩეველს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში. იმის გამო, რომ ვიღაც 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხის ხმა არ უნდა დაიკარგოს. შესაბამისად, ნულპროცენტიანი ბარიერი არის იმის გარანტი, რომ ყველა გემოვნების ამომრჩეველს ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და მათი დარდი, მათი ფიქრი, მათი სატკივარი გაჟღერდება, რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ეს” – აცხადებს პარტია „მოქალაქეების” ლიდერი, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო ცვლილებებისთვის სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელიც “ქართული ოცნების”, პარტია “მოქალაქეების”, “ევროპელი სოციალისტების”, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. არასამთავრობო სექტორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლაა.

“საარჩევნო კომისიებში უნდა მოხდეს წევრების მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩევა და არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების. მნიშვნელოვანია ის, რომ ცესკოს დაკომპლექტების დროს არსებობდეს ოპოზიციის სავალდებულო თანხმობა, თითოეულ წევრზე იმისთვის, რომ იყოს ნდობა ამ ორგანოს მიმართ და მხოლოდ უმრავლესობამ არ დააკომპლექტოს საკუთარი პოლიტიკურ გემოვნების თუ ლოიალობის პრინციპის მიხედვით” – განმარტავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მზად არის.

“პირველ რიგში ცვლილებაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას შორის. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები უფრო მეტად პროპორციული იქნება. მეორე – ეს გახლავთ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მესამე – ეს გახლავთ ტექნოლოგიების შემოღება, რომელიც საბოლოო ჯამში გამორიცხავს დაუბალანსებელი ოქმების პრობლემას, ასევე ბათილი ბიულეტენების პრობლემას, მათ შორის დათვლის და პარალელური დათვლის ხარვეზებსაც, ვინაიდან ამ ყველაფერს ტექნოლოგიას მივანდობთ” – აცხადებს პარლამენტის წევრი ბლოკი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სიითი შემადგენლობით, შალვა პაპუაშვილი.

თუკი საარჩევნო კომისიები ხმებს ტექნოლოგიების დახმარებით დაითვლიან, ამისთვის 3 ათასზე მეტი საარჩევნო უბნისთვის შესაბამისი მოწყობილობა უნდა შეიძინონ. ასევე, უნდა შეიცვალოს ბიულეტენების დიზაინი და მოხდეს საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება.

“საარჩევნო ადმინისტრაციამ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში 2018 და 2019 წელს განახორციელა ხმის მთვლელი მანქანების პილოტირება. შესაბამისად, ამის სრული ექსპერტიზა, როგორც საკანონმდებლო,  ისე ტექნიკური, გადაეგზავნება სამუშაო ჯგუფს, რათა კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. მნიშვნელოვანია, რამდენად შეიძლება მოესწროს 3800-მდე უბანზე ერთბაშად ასეთი ტიპის ტექნოლოგიების შემოღება” – განმარტავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.

მთავარი, რაც ამომრჩევლებს სურთ – თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებია.

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend