მთავარიმსოფლიოევროპაგერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა 8 თებერვალს  რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ასე გასცა პასუხი სამმა ევროპულმა სახელმწიფომ  კრემლს, რომელმაც გასულ კვირაში გერმანელი, პოლონელი და  შვედი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა იმის გამო, რომ ისინი დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციას დაესწრნენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის გასული კვირის გადაწყვეტილებას „ვერაფერი გაამართლებს“. მისი განმარტებით, გერმანელი დიპლომატი, რომელიც ნავალნის მხარდამჭერ აქციას დაესწრო, „მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა, რაც სრულ თანხვედრაშია ვენის კონვენციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დიპლომატს აქვს კანონიერი უფლება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დააკვირდეს.“

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუს დიპლომატს „სთხოვეს დატოვოს ქვეყანა“, რადგან ეს არის პასუხი „შვედი დიპლომატის გამოძევებაზე, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა“. ან ლინდემ კრემლის ამ ნაბიჯს „მიუღებელი“ უწოდა“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გაძევებას „უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ამის საპასუხოდ პოლონეთში მოქმედი რუსეთის საკონსულოდან დიპლომატის გაძევება „სრულ თანხვედრაშია საპასუხო ქმედების პრინციპებთან.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის სამი ქვეყნის ნაბიჯს „უსაფუძვლო და არამეგობრული“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ რუსეთის მედიას განუცხადა, რომ ბერლინის, სტოკჰოლმისა და ვარშავის ნაბიჯი არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს: „რომელსაც ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევას ვუწოდებთ“ – განმარტა ზახაროვამ.

ევროკავშირის სამმა სახელმწიფომ ეს შეთანხმებული ნაბიჯი  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის რუსეთიდან დაბრუნების მეორე დღესვე გადადგა.

ჯოზეპ ბორელი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გასული კვირის ბოლოს შეხვდა. ბრიუსელში დაბრუნებულმა  ბორელიმ 7 თებერვალს  თავის ბლოგზე დაწერა, რომ მან რუსეთიდან  ევროპელი დიპლომატების გაძევების შესახებ სოციალური მედიით შეიტყო. რუს კოლეგასთან შეხვედრის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების შემდეგ, ბორელიმ დაწერა, რომ რუსეთი და ევროპა ერთმანეთს შორდებიან და რომ რუსეთი ისე უყურებს „დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორც მზარდ საფრთხეს.“

თუმცა ჯოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტი ევროპარლამენტარების ნაწილმა შეაფასა, როგორც „სრული კატასტროფა“ და მისი გადადგომა მოითხოვა.

ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო დაიძაბა.   ევროპის რამდენიმე ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ნავალნი ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოიწამლა, რასაც ოპოზიციის ლიდერი  სახელმწიფოს აბრალებს.

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ევროკავშირმა ვერ წარმოადგინა ვერავითარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ნავალნინოვიჩოკით“ მოიწამლა. კრემლი თვლის, რომ ნავალნიზე თავდასხმა ანტირუსული განწყობის მიზნით მოაწყვეს.

გერმანიაში ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნებული ნავალნი მაშინვე დააპატიმრეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ევროკავშირმა ნავალნის დაპატიმრება დაგმო და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. თუმცა ჯერჯერობით, ბრიუსელში არ არის ერთიანი პოზიცია, რა პოლიტიკას მიმართონ რუსეთთან ურთიერთობაში. ევრობლოკში შემავალი სახელმწიფოების დიდი ნაწილი რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend