ჩრდილოეთ ევროპაში ისევ ყინვებია. რუსეთში წელიწადის ამ დროს თოვლი გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუმცა ამ კვირაში ყინვამ დედაქალაქში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ღამით ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე დაეცა, რაც ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურაზე 12 გრადუსით ნაკლებია.
ურალში დაბალი ტემპერატურის გამო გათბობის სისტემა მთლიანად მოიშალა, ამიტომ მოსახლეობა გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩა.
ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებში სკოლის მოსწავლეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
პოლონეთში დიდთოვლობის გამო გადაადგილება შეზღუდულია. გზები ჩაკეტილია და სამაშველო სამსახური ვერ ასწრებს გზების გაწმენდას.
“ძალიან რთულია, მოხუცებს არ ვურჩევდი გარეთ გამოსვლას, ხელჯოხითაც კი. ამ წუთას ჯოხის დახმარება არ მჭირდება, თუმცა მოძრაობა ძალიან მიჭირს. მეშინია, 20 წლის აღარ ვარ და არ მინდა, რამე მოვიტეხო.” -ამბობს პოლონეთის მოქალაქე
ნიდერლანდებშიც ზამთრის ამინდია. 50-დან 60 სანტიმეტრამდე თოვლმა სამუშაო კვირის დაწყებისთანავე მთავარი გზები ჩაკეტა. სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები გზის გაწმენდას ცდილობდნენ, თუმცა ძლიერმა ქარმა თოვლი ისევ უკან გადმოყარა.
საჰაერო მიმოსვლაც გართულდა, რადგან თოვლმა ასაფრენი ბილიკები მთლიანად დაფარა.
დიდ ბრიტანეთში ქარიშხალმა დარსიმ თოვლი და ყინული გადმოყარა, თოვლის სქელმა ფენამ ჩრდილოეთ ინგლისში იორკშირის ნაწილი მთლიანად დაფარა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მოსახლეობას მოსალოდნელი ცივი ამინდის შესახებ. ყინვა ოთხშაბათამდე გაგრძელდება.