მთავარიმსოფლიოევროპაეკონომიკური კრიზისი ევროპაში

ეკონომიკური კრიზისი ევროპაში

პანდემიით გამოწვეული კრიზისი ქვეყნების ეკონომიკას მძიმედ შეეხო. განსაკუთრებით დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი. კომპანიების წარმომადგენლები დახმარებას მთავრობებისგან ითხოვენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მცირე და საშუალო ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ამ ლუდსახარშმა ყველაზე მძიმე პირობებში დაიწყო ფუნქციონირება. წინა წელს საწარმოს გახსნიდან ზუსტად ორ დღეში ბელგიის ხელისუფლებამ პირველი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. რესტორნების დახურვით ლუდსახარშმა შემოსავლის ძირითადი წყარო დაკარგა. ერთადერთი  ალტერნატივა საზოგადოებისთვის სახლში მიტანის სერვისის შეთავაზებაა, თუმცა არც ისე მომგებიანი მათთვის. ლუდსახარშის მფლობელები ვერც კი ვარაუდობენ, როდის შეიძლება დასრულდეს კარანტინი.

„ჩვენ ჯერჯერობით საფრთხე არ გვემუქრება. რა თქმა უნდა, თუკი ეს დიდხანს გაგრძელდა, უკვე სერიოზული პრობლემა შეიქმნება, თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ, პოზიტიურები ვიყოთ.“ – განაცხადა ლუდსახარშის მფლობელმა კრისტოფერ ბარვინმა.

კრისტოფისთვის ეს კრიზისი გაკვეთილი აღმოჩნდა. მიხვდა, რომ იმათ არ ეხმარებიან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

„ვხედავ, რომ ამ კრიზისმა მსხვილ ბიზნესებზე ისე არ იმოქმედა, როგორც მცირეზე. მთავრობა დიდ კომპანიებს უფრო ეხმარება, ვიდრე პატარებს. თუმცა, პანდემია, პირველ რიგში, მცირე ბიზნესს გაანადგურებს. მათი მხარდაჭერა აუცილებელია.“ – ამბობს კრისტოფერი.

2020 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ევროსტატის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ უკანასკნელ კვარტალში გაკოტრების მაჩვენებელი, წინა კვარტალთან შედარებით, 25.7%-ით გაიზარდა

ევროპის პროფკავშირების განცხადებით, ამჟამად რეგიონში 16 მილიონი უმუშევარია. მოსალოდნელია, რომ კიდევ დაახლოებით 40 მილიონმა ადამიანმა დაკარგოს სამსახური.

„ამ ხალხს დახმარება სჭირდება. მთავრობა მათ უნდა დაეხმაროს, სანამ ისევ გაიხსნება ბიზნესები. რეალურად, ევროპა დიდი სოციალური არეულობის წინაშეა. ხალხი აპროტესტებს, მათ ვერ მიიღეს საკმარისი კომპენსაცია, რომ დარჩნენ სახლში.“ – განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა ლუკა ვინსენტინმა.

ევროკავშირი აპირებს, რომ 750 მილიარდი დახარჯოს კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის აღსადგენად. თუმცა ბევრი ქვეყანა თავს იკავებს – მათ სესხის გაზრდის შიში აქვთ. პროფკავშირების განცხადებით, სანამ შედეგს დავინახავთ, სულ ცოტა ერთი წელი მოგვიწევს მოცდა.

„წევრ ქვეყნებს ახალი სესხის აღების ეშინიათ, იმისდა მიუხედავად, რომ იგი უპროცენტოა. ასე რომ, სულაც არ არის საჭირო ამ ალიბის გამოყენება. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკუთარი ხარჯებით უნდა შეინახოს მოსახლეობა, ბიზნესი და დაარეგულიროს შრომის ბაზარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, ეს ფული სრულიად უსარგებლო და წყალში გადაყრილი იქნება, რადგან ამ მიდგომით ვერასდროს გამოასწორებენ არსებულ მდგომარეობას.“ – ამბობს ვინსენტინი.

ევროპარლამენტი და ევროსაბჭო ფონდს მხარს უჭერს, თუმცა წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული, გამოიყენებენ თუ არა ამ თანხას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend