აშშ-ს სენატში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დღეს დაიწყება. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.
„სწორედ ეს არის, რისთვისაც განკუთვნილია სასამართლო პროცესი, რომ ჭეშმარიტება დაადგინოს და გამოიტანოს განაჩენი, – განაცხადა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერმა.
სენატის რეზოლუცია იმპიჩმენტთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს ადგენს. პირველ რიგში, საკონსტიტუციო საკითხის ოთხსაათიანი განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართება, რომლითაც უნდა დადგინდეს რამდენად თანხვედრაშია პროცედურა კონსტიტუციასთან. ამის შემდეგ ორივე მხარეს პრეზენტაციისთვის 16 საათი ეძლევა. ორი საათი განკუთვნილია სენატორების კითხვებისთვის.
ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი მესამედის ხმაა საჭირო. სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს „ამბოხის წახალისებაში“, რომლის შედეგადაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შტურმით შეიჭრნენ, შედეგად კი ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს გულისხმობს, რომ სულ მცირე 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი კონგრესში განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში წარიმართება. ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კონგრესის წინ აღმართულ ღობესთანაც პატრულირებენ. ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ამ ეტაპზე სენატში იმპიჩმენტის მშვიდობიან პროცესს საფრთხე არ ემუქრება.
წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში გამოუცხადა. 13 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად, იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 232-მა კონგრესმენმა 197-ის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ტრამპისთვის სენატში იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი მომავალში ვერ შეძლებს თანამდებობის დაკავებას.