მთავარისაქართველოთბილისის მერია მობილობის ოცწლიან სტრატეგიაზე მუშაობს

თბილისის მერია მობილობის ოცწლიან სტრატეგიაზე მუშაობს

ბოლო წლების განმავლობაში თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საველოსიპედო ბილიკის აღმნიშვნელი სიმბოლოები გაჩნდა. ამჟამად დედაქალაქში 5 ძირითადი საველოსიპედო ბილიკია, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ ისინი განვითარების 20-წლიან სტრატეგიაზე მუშაობენ. მათი ერთ-ერთი მიზანია, რომ თბილისში ველობილიკების ჯამური სიგრძე 350 კილომეტრი იყოს.

თბილისის მერიის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ვიქტორ წილოსანის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, რომ ყველას გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს.


ველომოყვარული ანა ფაცურია წლებია, თბილისში ველოსიპედით გადაადგილდება, მისი თქმით, ველოსიპედისტები ბევრ პრობლემას აწყდებიან.

„ველოსიპედით გადაადგილებისას ხშირად ვაწყდებით ბილიკებზე ქვეითად მოსიარულეებს. ბოლო დროს კი, სამწუხაროდ, ველობილიკები მანქანების გასაჩერებელ ადგილად იქცა“, — ამბობს ანა ფაცურია.

„გვაქვს კომუნიკაცია ველოსიპედისტებთან. ვითვალისწინებთ იმასაც, თუ რა ხარვეზები არსებობს უსაფრთხოების კუთხით. სამწუხაროდ, დღეისათვის ხშირად გვხვდება ხოლმე ველობილიკებზე გაჩერებული მანქანები. როდესაც ამ სტრატეგიას შევიმუშავებთ, ამ მიმართულებით უმკაცრეს ზომებს მივიღებთ“, – აღნიშნავს ვიქტორ წილოსანი.

გეოგრაფ გიორგი კანკიას თქმით, ხშირად ამბობენ, რომ თბილისი მთაგორიანობის გამო ველოსიპედით მგზავრობისთვის შეუფერებელი ქალაქია.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, ველოსიპედით კომფორტულად გადაადგილებისთვის ქუჩების დახრილობა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 6 პროცენტი. ჩვენი დაკვირვებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და გამზირები ველოსიპედისთვის ნამდვილად ხელსაყრელია“, – აღნიშნავს გიორგი კანკია.

2 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით კავკასიის ველოქსელმა უსაფრთხოების კვირეული მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ჩატარად ონლაინშეხვედრები, 6 თებერვალს კი თბილისში ველომსვლელობა მოეწყო, რომელიც 2019 წლის 28 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულ ველომოყვარულ გურამ ინაკავაძეს მიეძღვნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend