მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხის კვლევითი ცენტრის – Economist Intelligence Unit-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუარესებულია.
„დემოკრატიის ინდექსი 2020-ის“ ანგარიშში მიმოხილულია 165 ქვეყნის მდგომარეობა. საქართველო 91-ე ადგილზეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასულ 2019 წელთან შედარებით, ორი პუნქტით ჩამოქვეითდა.
თითოეული ქვეყანა 10-ქულიანი სისტემით ფასდება, საქართველოს კი 2020 წელს 5,31 ქულა მიენიჭა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 5,42 იყო.
ქვეყნების ინდექსირება ხუთ კატეგორიას ეფუძნება:
საარჩევნო პროცესი, პლურალიზმი;
მთავრობის ფუნქციონირება;
პოლიტიკური მონაწილეობა;
პოლიტიკური კულტურა;
სამოქალაქო თავისუფლება;
ამ კრიტერიუმებით ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად დემოკრატიის ხარისხის მიხედვით.
Despite recording a decline in its regional democracy score, Asia has three new “full democracies”. #Japan, South Korea and #Taiwan have joined an exclusive club: https://t.co/yng13bEJel pic.twitter.com/7LmfIgBL3I
— The Economist Intelligence Unit (@TheEIU) February 5, 2021
ეს ჯგუფებია: „სრული დემოკრატია“, „არასრულყოფილი დემოკრატია“, „ჰიბრიდული რეჟიმი“ და „ავტორიტარული რეჟიმი“. საქართველო რჩება „ჰიბრიდული რეჟიმების“ ჯგუფში.
ყველაზე მაღალი – 7,8 ქულით საქართველოში საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი შეფასდა. სხვა მონაცემები კი ასეთია:
პოლიტიკური თანამონაწილეობა – 6,11 ქულა;
მთავრობის ფუნქციონირება – 3,57 ქულა;
პოლიტიკური კულტურა – 3,75 ქულა;
სამოქალაქო თავისუფლება – 5,29 ქულა.
მსოფლიოს მასშტაბით პირველ ხუთეულში შემდეგი ქვეყნებია: ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და კანადა. ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთი კორეა.
მთლიანობაში 2020 წელს დემოკრატიის ხარისხი მთელ მსოფლიოში საგრძნობლად დაეცა. 2019 წელთან შედარებით, 165 ქვეყნიდან 116-მა განიცადა უკუსვლა.