მთავარისაზოგადოებასოციალური პროექტი - „სისხლის უანგარო დონორები“

სოციალური პროექტი – „სისხლის უანგარო დონორები“

სისხლის ბანკებში სისხლის უკმარისობის გამო შეიქმნა სოციალური პროექტი „სისხლის უანგარო დონორები“, რომლის  მიზანია სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანების დაკავშირება, რომლებსაც სისხლი ესაჭიროებათ, ან შეუძლიათ უანგარო დონორობა გასწიონ.

ფეისბუკ ჯგუფი „სისხლის უანგარო დონორები“ ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს, რომლბშიც მადლიერი პაციენტები, თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ. ონლაინ პლატფორმის მიზანია, სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, თუ ვის და სად ესაჭიროება სისხლის გადასხმა.

„როგორი მადლობა გითხრათ არ ვიცი, ისეთი თბილი სიტყვები მითხრა, თქვენი დამსახურებაა ამ სიკეთის გაკეთების საშუალებას რომ მაძლევთ. მადლობა კიდევ ერთხელ,“ წერს ერთ-ერთი მომხმარებელი

„ღმერთმა ამრავლოს ასეთი კეთილი ადამიანები რომლებიც გვეხმარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებაში.“

ერთ-ერთი ასეთი მადლიერების მესიჯი დათას ეკუთვნის. მოხალისე დონორად დარეგისტრირების შემდეგ, დათასთან მალევე შემოვიდა ზარი. ახალგაზრდა გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სისხლი. მაშინ, დათამ პირველად ჩააბარა სისხლი…

„მითხრეს ვისთვის იყო საჭირო სისხლი. იმ დღესვე მოვახერხე სიხლის ბანკში გასვლა და სისხლი ჩავაბარე კიდეც. ვიცოდი, რომ გოგონა მძიმედ იყო. ამიტომ ძალიან  სასიამოვნო იყო, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. სისხლის ჩაბარებას ყველას ვურჩევ, ვისაც ამის საშუალებას ჯამრთელობა აძლევს,“ ამბობს დათა.

ფეისბუკ გვერდი „სისხლის უანგარო დონორები“ 2017 წელს შეიქმნა, თუმცა დონორების ბაზა, სადაც 600-ზე მეტი მოხალისეა გაწევრიანებული 2020 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა.

სისხლის ჩაბარების სურვილის შემთხვევაში, მოხალისე „სისხლის უანგარო დონორების“ ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომლებიც დონორობის კანდიდატობას განაპირობებს.  „სისხლის უანგარო დონორების“ გუნდი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოთხოვნებით  ხელმძღვანელობს.

„სისხლის უანგარო დონორების“ წევრი ანასტასია კილაძის თქმით სისხლის ჩაბარების შემდეგ, მას ლაბორატორია ამოწმებს.

„გამორიცხულია, ამის გარეშე მოხდეს სისხლის გადასხმა. ამიტომ, ადამიანი ყოველმხრივ დაცულია. ძალიან მარტივია პროცედურა, რომელიც სხვა ადამიანს  სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ასევე ჩვენი მიზანია, რომ ეს ყველაფერი სოციალური პასუხისმგებლობა გახდეს; რომ ყველამ გაიაზროს თუ სხვა ადამიანისთვის რამოდენა მნიშვნელობა აქვს 15 წუთის დათმობასა და სისხლის გაცემას,“ თქვა ანასტასიამ.

თუ გამოჩნდა შეტყობინება, რომ ვიღაცას სიხლის გადასხმა სჭირდება,  ჯგუფი პაციენტსა და დონორს აკავშირებს. დონორების რაოდენობა სხვადასხვა მიზეზის გამო მცირდება, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ გადატვირთული ცხოვრების წესის გამო.

„სისხლის უანგარო დონორების“ თანადამფუძნებელი გიორგი ექსეულიძე ამბობს რომ მიუხედავად ბევრი დონორისა, რეალურად მათი რაოდენობა გარკვეული მიზეზების გამო ყოველდღიურად მცირდება.

„იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ მუდმივად  გვჭირდება სისხლი და მუდმივად გვაკლია დონორები, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენს მიერ გაღებული სისხლით ერთიდან სამი ადამიანის სიცოცხლე შეგვიძლია გადავარჩინოთ,“ თქვა გიორგიმ ევრონიუსთან საუბარში.

სისხლის გადასხმა ზოგიერთ პაციენტს, ძალიან ხშირად ესაჭიროება. ამიტომ  სისხლის ბაზა, ყოველთვის საჭიროებდა შევსებას. პანდემიის პირობებში კი, სისხლის გადასხმა ხშირად პრობლემად იქცევა ხოლმე.

თორნიკე კოპლატაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend