მთავარი საქართველო ცვლილებები კანონში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ

ცვლილებები კანონში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ

საქართველოში ის მოქალაქეები, რომლებიც რვა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას პირადი მოხმარებისთვის ფლობენ, შესაძლოა პირველ ჯერზე სისხლის სამართლის კოდექსით აღარ გასამართლდნენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტს პირველი მოსმენით დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს. ახლა ჯანდაცვის კომიტეტზე განხილვა და პლენარული სხდომაა დარჩენილი. თუმცა არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს პატიმრობის რისკისგან არ ათავისუფლებს.

ნარკოტიკი ნამუშევარი ნახატი ეს ნამუშევრები ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულმა პირებმა შექმნეს. ისინი ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსს გადიოდნენ. ხატავდნენ, ძერწავდნენ და ასე ცდილობდნენ პრობლემისგან გათავისუფლებას. თუმცა ზოგჯერ სახელმწიფო მათ პრობლემისგან გათავისუფლების ბევრად რთულ გზას სთავაზობს.

“რაიმეზე დამოკიდებულება ზოგადად ცუდია. ყველაზე კარგია, როცა ადამიანი არაფერზე ხარ დამოკიდებული. ნარკოდამოკიდებული ადამიანი ბევრად უფრო სენსიტიურია. ეს იწვევს ნევროზს და გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემებს. სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ ნარკოტიკის მიღება არ არის დანაშაული. არ შეიძლება ნარკოდამოკიდებული ადამიანი გამოამწყვდიო ოთხ კედელში. ასეთ დროს შეიძლება მან უბრალოდ  თავი მოიკლას” – ამბობს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირი.


ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც ნარკოდამოკიდებულ პაციენტებთან მუშაობს, ამბობს რომ მათი მდგომარეობა პატიმრობისას კიდევ უფრო მძიმდება.


“ხშირად ნარკოტიკის მომხმარებელი წლები ყოფილა ციხეში გამომწყვდეული. იქ დაზიანებული ადამიანი იზოლაციით და სხვა ფსიქიკური მოვლენებით, რაც ამ გამოკეტვას ახლავს თან, გამოსულა და ძალიან სწრაფადვე ისევ გამხდარა ნივთიერებებზე დამოკიდებული. გამოკეტვის გემო პანდემიისას მეტ-ნაკლებად ყველამ გავიგეთ. ვნახეთ რა საშინელებაა, როდესაც შეზღუდული გაქვს თავისუფლება და და თუნდაც საკუთარი სახლიდან ვერ გამოდიხარ” – განმარტავს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც რვა ნარკოტიკული საშუალების მცირე და საშუალო დოზა განისაზღვრა. კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერების პირადი მოხმარებისთის ფლობა პირველ ჯერზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი აღარ იქნება.

“დოზების განსაზღვრის ნაწილში კანონმდებლობის ლოგიკა ასეთია –  მცირე ოდენობა გულისხმობს იმას, რომ ერთჯერადი სამართალდარღვევის პირველად ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და არა სისხლის სამართლის. მათთვისაც, ვინც ეპიზოდურად ან ერთხელ მოიხმარს მთელი წლის განმავლობაში. ერთჯერადი დაფიქსირების შემთხვევაში ეს ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საგანი” – ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ კანონში ცვლილების შემთხვევაშიც ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებს კვლავ ემუქრებათ პატიმრობის საფრთხე.

“ადამიანი, რომელიც რეგულარულად მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას და აქვს მაღალი ტოლერანტობა უფრო მეტი ნივთიერება სჭირდება იმისთვის, რომ აბსტინანციის მდგომარეობა დაიკმაყოფილოს, ამ ადამიანების მდგომარეობა უნდა იყოს გათვალისწინებული. საუბარია იმაზე, რომ პირველივე ჯერზე ერთჯერადი მოხმარებისთვის საჭირო დოზით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს მრავალწლიანი სასჯელით” – ამბობს EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

ნარკოტიკი ნამუშევარი ნახატიამ ნახატის ავტორმა ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ციხის გარეშე დაძლია.

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

ნარკოტიკული ნივთიერებებინარკოტიკული ნივთიერებები