მთავარიკულტურაქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა სახელწოდებით „ნიკო“ 2017 წელს დაარსდა და სხვადასხვა მხატვრის დახმარებით, 60-ზე მეტი კედელი მოხატეს, რომელიც შვიდ სხვადასხვა ქალაქში მდებარებოს. მოძრაობა „ნიკოს“ მიზანი საქართველოში არსებული უსახური კედლების გალამაზება და ქუჩის ხელოვნების განვითარებაა.

„სხვა ქალაქებში, მაგალითად, ლისაბონსა და ბერლინში, უზარმაზარ კედლებზე საოცარ ნახატებს რომ ვხედავდით, სურვილი გაგვიჩნდა ეს ყველაფერი საქართველოშიც ყოფილიყო. პირველი ფესტივალი 2018 წელს ჩავატარეთ, სადაც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი არტისტები იღებდნენ. საკმაოდ კარგი დასაწყისი გვქონდა. მომდევნო წელს ფესტივალი განვავითარეთ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წავედით“, – ამბობს ქუჩის ხელოვნების მოძრაობის, „ნიკოს“  დამფუძნებელი, სანდრო კვანტალიანი.

 
ქუჩაში დახატული თითოეული ნახატი, მხატვრის ისტორიას მოგვითხრობს, გადმოგვცემს მის აზრებს და არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება, ამავდროულად, გამვლელებისთვის ნაცრისფერი გარემო ფერადდება და განწყობაც მაღლდება.

„კედლებზე მხატვრობა ბავშვობიდან, სკოლის პერიოდიდან დავიწყე. ზოგისთვის სახლში ხატვა უფრო კომფორტული შეიძლება იყოს, თუმცა თუ ადამიანს ამბიცია აქვს, რომ სხვას ანახოს, გაუზიაროს, ემოცია მიიღოს და გასცეს, მისთვის ეს საკუთარი იდეების გამოვლენის ფანტასტიკური საშუალებაა“, – ამბობს მხატვარი, გიორგი გამეზარდაშვილი, იგივე გამეზა.

გამეზას თქმით, „ნიკო“ ძალიან სწორ დროს დაფუძნდა. ამ მოძრაობამ ქართული ქუჩის ხელოვნების სცენა შეკრა. ამავდროულად ახალგაზრდებს სტიმული მისცა, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება მიეღოთ და განვითარებულიყვნენ.

იმ ხელოვანებისთვის, რომლებსაც დიდ მასშტაბზე ხატვის გამოცდილება არ აქვთ, ქუჩის ხელოვანების მოძრაობას პროექტი, სახელწოდებით „მაღლივი“ აქვს. პროექტის ფარგლებში მხატვრებს საშუალება ეძლევათ, 15 ერთნაირ ზომის კედლებზე ხატვით შეიძინონ გამოცდილება, ცოდნა და თავიანთი ხელოვნება გამოაჩინონ.

 

ავტორი: კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend