საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომებზე იმართება. მას აღმასრულებელი მთავრობა და დიპლომატები ესწრებიან. სამ თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს გასული ერთი წლის მუშაობა შეაჯამა. საუბრისას დიდი დრო დაუთმო არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას.
„გვაქვს მოცემულობა, როცა ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ ცვლილებები საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს. ეს მიუღებელია – ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ! ძალადობაზე სახელმწიფოს იგივე რეაქცია ექნება, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებას აქვს“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაში გამოთქმულ პოლიტიკურ შეფასებებს ეთანხმებიან საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოსლკიმ თვქა, რომ –
დიდია საზოგადოების დაინტერესება იმით, რომ დესტაბილიზაციას არ ჰქონდეს ადგილი და კამათი პარლამენტის ფორმატში გრძელდებოდეს, იმდენად დიდია ინტერესი ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების, რომ მე ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია“.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით – “ამ მოლაპარაკებების შედეგია მათ შორის ის, რომ დღეს სამი პარტია პარლამენტშია წარმოდგენილი და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ პარლამენტში ასეთ მულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა“.
საპარლამენტო ოპოზიციას, არჩილ თალაკვაძის მოხსენების შეფასების საშუალება, პარლამენტის ტრიბუნიდან არ მიეცა. ამის შესახებ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„არჩილ თალაკვაძეს არ ვეთანხმები, რომ ბოიკოტს აზრი არ აქვს. ბოიკოტის დამსახურებაა ის, რა ცვლილებებზეც შევთანხმდით „ქართულ ოცნებასთან“. სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრების გამოხატვის საშუალება არ მომეცა, არ მესმის რატომ?“ – აღნიშნა ელისაშვილმა.
არჩილ თალაკვაძის მოხსენებას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები დაესწრნენ. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით – „იმედი მაქვს, პარტიის ლიდერები ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში დააყენებენ, მოუსმენენ, რა არის მნიშვნელოვანი ამომრჩევლებისთვის და ეს არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე, კოვიდ 19-ის ეკონომიკური შედეგები. ვფიქრობ, რომ ამ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა პარტიებს უბიძგებს, რომ კომპრომისს მიაღწიონ, იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები და მოვიდნენ პარლამენტში ამ საკითხებზე მუშაობის დასაწყებად“.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ამერიკელი კოლეგის მოსაზრებებს იზიარებს და პოლიტიკურ პარტიებს, კონსენსუსიკენ მოუწოდებს.
“გუშინ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანდატები არ გაეუქმებინა, რაც, მე ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი იყო. სიმართლე ითქვას, ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს. ვთვლი, რომ ყველა შესაძლებლობა, რომელიც პარლამენტის მუშაობაში საკუთარ როლზე დაფუძნებული მონაწილეობის საშუალებას გააჩენს, ერთადერთი კარგი შედეგი იქნება. დანარჩენი, ჩემი აზრით, იქნება ყველასთვის წამგებიანი სიტუაცია. ვინაიდან ეს იქნება მმართველი პარტიის მარცხი, ოპოზიციის მარცხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მარცხი” – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.
საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განსამუხტად, ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში ჩართული ელჩები, პროცესში მონაწილეობის მზაობას გამოთქვამენ. ისინი პოლიტიკურ კონსენსუსს, უალტერნატივოდ მიიჩნევენ.
ავტორი: ალეკო გვეტაძე