იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დღეს ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს, მარიო დრაგის შეხვდება და ახალი მთავრობის ფორმირების მანდატს გადასცემს.
გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა, პარტიების ლიდერები კი ახალ კოალიციაზე ვერ შეთანხმდნენ.
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.
ამასთან, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ უკვე განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს მარიო დრაგის კაბინეტს.
პარტია,,ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერმა მატეო სალვინიმ კი თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი, მთავარია რის გაკეთებას გეგმავს ის.
მარიო დრაგი, 73 წლის იტალიელი ეკონომისტი 2011-2019 წლებში ევროპის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა. მის პრეზიდენტობას დაემთხვა ევროზონის კრიზისი. წარსულში ის იყო იტალიის ბანკის ხელმძღვანელიც, მუშაობდა მსოფლიო ბანკში და იტალიის ხაზინაში.
იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა კი მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა.
კონტესა და რენცის შორის უთანხმოება ევროკავშირის მიერ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იტალიისთვის გამოყოფილი დაფინანსების განკარგვის საკითხს უკავშირდება.