მედიის განვითარების ფონდმა საქართველოში ანეკდოტურ, ანუ არაფორმალური გზით შეგროვებულ მონაცემებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. ფონდმა შეისწავლა, რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და კონსპირაციები საზოგადოების ცნობიერებაზე და რომელი ანეკდოტური მტკიცებულებებია ყველაზე მეტად გავრცელებული საზოგადოებაში.
კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 79 რესპონდენტი. კვლევა 2020 წლის აგვისტოში ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში: ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და მარნეულში.
რესპონდენტთა ნაწილისთვის, 63 ადამიანისთვის, რომელიც გამოკითხულთა 70%-ს შეადგენს, ყველაზე დამაჯერებელი ის ინფორმაცია იყო, რომელიც ჯანმრთელობასთან, კონკრეტულად კი ვირუსებსა და ვაქცინებთან დაკავშირებულ კონსპირაციებს ეხებოდა.
რესპონდენტთა ნაწილი თვლიდა, რომ ვირუსები ლაბორატორიებში გამოჰყავთ, ვაქცინები კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
● 17 ადამიანი, გამოკითხულთა 18.9%, თვლის, რომ, რადგან ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, საქართველო აჭარას დაკარგავს.
● 7-მა რესპონდენტმა (7.8%) დამაჯერებლად მიიჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი/დასავლეთი მიგრანტების მიღებას გვავალდებულებს.
● 3 ადამიანი, რესპონდენტთა 3.3%, თვლის, რომ დასავლეთი ლგბტ პირთა უფლებების დაცვასა და ერთსქესიანთა ქორწინებას გვავალდებულებს.
ცალკე იყო განხილული საბჭოთა კავშირი და მისდამი დამოკიდებულება. შეკითხვაზე — საბჭოთა კავშირში უფრო დაცული იყო ადამიანი თუ დღეს – რესპონდენტებმა შემდეგი პასუხები გასცეს:
სსრკ-ში კანონი კანონობდა, დღეს კი ზედმეტი თავისუფლებაა;
სსრკ-ში ქვეყანას საფრთხე არ ემუქრებოდა, ომები არ იყო;
სსრკ, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, უფრო დაცული იყო.
კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობამ, 31-მა ადამიანმა, აღნიშნა, რომ მცდარი ამბების შესახებ სმენია, თუმცა კონკრეტული ყალბი ინფორმაცია ვერ გაიხსენა.
რესპონდენტთა უმეტესობა განსაკუთრებით უსვამდა ხაზს კორონავირუსთან დაკავშირებით ემოციური, გაზვიადებული და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გაშუქებას;
წინა კვლევის მსგავსად, ახალგაზრდა რესპონდენტთა უმეტესობამ ყალბი ინფორმაციის წყაროდ სოციალური ქსელი დაასახელა და ამ ინფორმაციის გავრცელებაში თავის წილ პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. უფროსი ასაკის ადამიანები კი, მეტწილად, ტრადიციული მედიის საშუალებით მიღებულ ინფორმაციაზე საუბრობდნენ.