მთავარისაქართველოფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველო

ორ წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი გახდა და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. რა გავლენა ჰქონდა ამ საერთაშორისო ფესტივალს ქართულ ლიტერატურაზე და რა ახალი ტენდენციები და შესაძლებლობები მოიტანა მან, ამას პროექტის ორგანიზატორები და მწერლები აფასებენ.

მიუხედავად კრიზისული პერიოდისა, 2021 წელს საქართველოს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ელოდება. UNESCO-ს გადაწყვეტილებით, წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქი თბილისი გახდება, ეს კი, ქართული ლიტერატურისათვის ახალ შესაძლებლობებსა და დიდ ასპარეზს ნიშნავს.

 

ამ დრომდე, ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი კი ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში 2018 წელს გამართული ფანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ  ქართველი მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები დღემდე საუბრობენ ამ მოვლენის გავლენასა და მნიშვნელობაზე. ფრანკფურტში, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საქართველოს ლიტერატურისა და კულტურის გარდა მისი საგამომცემლო ინდუსტრიაც მოექცა.

„ეს იყო მთელი საქართველოს გამარჯვება. ჩვენ მოგვეცა საშუალება ერთი მხრივ გვეჩვენებინა მდიდარი ისტორია და კულტურა, მეორეს მხრივ კი ღირსეული და თანამედროვე საქართველო, რომელსაც მომავალში ძალიან სერიოზული პერსპექტივები აქვს და ძალიან საინტერესოა ევროპისათვის.“ – ამბობს ფრანკფურტში საქართველოს მონაწილების პროექტის ორგანოიზატორი დეა მეტრეველი.

ინტერესი მართლაც ძალიან დიდი იყო. ქართველი მწერლების ნაწარმოებები გერმანულ, ფრანგულ და სხვა ევროპულ ენებზე ითარგმნა.

მწერალი გიორგი კეკელიძე ასე იხსენებს ამ ამბავს:

„ჩემთვის, პირადად, ეს იყო ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა. გავიცანი უამრავი ლიტერატურული აგენტი, მწერალი და გამომცემელი, რომელთანაც დღემდე ვინარჩუნებ ურთიერთობას. ეს კავშირი კი თავისთავად სამომავლოდ სერიოზულ პერსექტივას გულისხმობს. რეალურად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვალი ძალიან დიდხანს გაჰყვება ქართულ სალიტერატურო სივრცეს.“

მწერალ შოთა იათაშვილის თქმით კი: „ეს ყველაფერი ფრანკფურტში არ დამთავრებულა. მაგალითად, ამის შემდეგ ოთხი მწერალი – მე, ანდრო ბუაჩიძე, გაგა ნახუცრიშვილი და ლია ლიქოკელი გერმანიის სხვა ქალაქებსაც ვესტუმრეთ. ეს მოგზაურობა გამოცემული წიგნის – პოეტური კრებულის ფარგლებში შედგა. ანუ, ეს ფრანკფურტი მარტო ფრანკფურტი არ ყოფილა.“

გვანცა ჯობავა ,წერალი და გამომცემელი, ფრანკფურტის შემდგომ პერიოდზე საუბრობს. ამბობს, რომ  2019 და 2020 წლები ისეთი აქტიური, არ იყო როგორიც 2018.

„მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. ამასთანავე, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ერთგული გამომცემლები. ამ პროექტმა გერმანიის გარდა, სხვა ქვეყნების ინტერესიც მოგვიტანა. მათ შორის, პირველი იყო საფრანგეთი და პარიზის წიგნის ბაზრობა, სადაც საპატიო სტუმრობა შემოგვთავაზეს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ შევძელით გამგზავრება.“

სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლებს კიდევ ბევრი გეგმა და პროექტი ჰქონდათ, მაგრამ ისინი პანდემიამ დროებით შეაფერხა.

 ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend