ოთარ მაისურაძე უკვე 19 წელია, მეკლდეურია. იგი ამ სპორტით 14 წლის ასაკში დაკავდა და დღემდე არ გაჩერებულა. გამოცდილებასთან ერთად, მან ბევრი მეგობარიც შეიძინა. როგორც ის ამბობს, მეკლდეურები ერთი ოჯახივით არიან და ძალიან მეგობრული გარემო აქვთ.
ოთარმა ვარჯიში თავდაპირველად დარბაზში დაიწყო. თუმცა ზოგიერთმა მეკლდეურმა, სპორტის ამ სახეობით დაინტერესების შემდეგ, მონუმენტზე სცადა ბედი ან პირდაპირ კლდეზე ცოცვით დაიწყო, მაგრამ ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, დარბაზებს არც თუ ისე ცოტა ანიჭებს უპირატესობას. თბილისში ასეთი სამი დარბაზია. თუმცა პანდემიის გამო ყველაფერი დაკეტილია, ამიტომ მეკლდეურები ლოტკინზე ან ბოტანიკურ ბაღში ვარჯიშობენ. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როცა მათ ამინდი უწყობს ხელს.
„კლდეზე ცოცვა, როგორც თვითონ სიტყვა გვეუბნება, კლდეზე მოითხოვს ცოცვას, ხოლო დარბაზი, ჩვენთვის სავარჯიშო ადგილია. ვინაიდან პანდემიის გამო დარბაზები დაკეტილია, სპორტსმენს სტაბილურად ვარჯიში და ფორმაში ყოფნა უჭირს“, – ამბობს ოთარ მაისურაძე.
მას 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდების ნაკრები გუნდი ჰყავს, რომლებსაც შეზღუდვების გამო ისეთი სიხშირით ვეღარ ავარჯიშებს.
ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი წევრისთვის, 18 წლის ილია ჩუგოშვილისთვის, სპორტის ეს სახეობა ერთგვარი ჰობი იყო. თუმცა უკვე მეოთხე წელია, დროის დიდ ნაწილს კლდეზე ცოცვას უთმობს და როგორც თავად ამბობს, ეს უკვე მისი პროფესიაა.
„კლდეზე ცოცვა ძალიან ლამაზი და კომფორტული სპორტია, რომელიც ყველა კუნთს სწორად ავითარებს. ამ სპორტისთვის მხოლოდ ძალა და მოხერხებულობა საკმარისი არ არის, ფიქრი და გათვლა გჭირდება, რომ მოცემული მარშრუტი სწორად დაალაგო, გეგმა შეიმუშავო და შემდეგ დაძლიო“, – ამბობს ილია ჩუგოშვილი.
მეკლდეურობა სამი სახისაა: რთული ცოცვა, ბოლდერინგი და სწრაფი ცოცვა. ბოლდერინგი ლოდზე ცოცვას გულისხმობს. მისი სიმაღლე მაქსიმუმ 5-6 მეტრია. დამწყები სპორტსმენები უპირატესობას სწორედ ბოლდერინგს ანიჭებენ, მაგრამ თუ მეკლდეური სპორტულ შეჯიბრში იღებს მონაწილეობას, აუცილებელია, რომ სამივე ეტაპი გაიაროს.
ემილი სამსონიძე ექიმია. მან კლდეზე ცოცვა 4 წლის წინ დაიწყო და ამ სპორტით თითქმის ყოველდღე კავდება.
„გარდა იმისა, რომ მეთვითონ ვცოცავ, ვამზადებ ბავშვებს. მათ ხშირად ბრტყელტერფიანობასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. ისე ვვარჯიშობთ, რომ ბავშვებს ხერხემალი სწორად განუვითარდეთ. ასევე მყავს აუტისტური სპექტრის ბავშვები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები და მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ემილი.
კლდეზე ცოცვა უსაფრთხოა, ვინაიდან მეკლდეურები კარგად არიან აღჭურვილები და მაქსიმალურად ზრუნავენ უსაფრთხოებაზე. ამ სპორტში ასაკი შეზღუდული არ არის და ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ წონის ადამიანს შეუძლია დაიწყოს.
კლდეზე ცოცვა, გარდა სასიამოვნო პროცესისა, ჯანმრთელობისა და გონებრივი განვითარებისთვისაც ძალიან კარგია, რადგან, როგორც მეკლდეურები ამბობენ, ცოცვის პროცესი ფიზიკურ აქტივობასთან ერთად სწრაფ აზროვნებასაც ავითარებს.
ავტორი: კესარია ჯავახიშვილი