სოციალურ ქსელ ფეისბუკის სამეთვალყურეო საბჭომ პირველ ხუთ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო , რომელიც ფეისბუკზე რამდენიმე სტატუსის აღდგენას ითვალისწინებს.
ფეისბუკის დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ხუთი საქმიდან ოთხ საქმეზე ფეისბუკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. მათი დადგენილებით, ფეისბუკის ადმინისტრაციის მიერ წაშლილი და დაბლოკილი პოსტები კვლავ აღდგება.
საბჭოს შექმნის მიზეზი ის იყო, რომ პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცემოდათ იმ მომხმარებლებს, რომელთა მიერ გამოქვეყნებული სტატუსები უსამართლოდ წაშალეს. საბჭო თავად ფეისბუკის მიერ წარდგენილ საქმეებსაც განიხილავს.
ეს ხუთი საქმე შეეხებოდა რამდენიმე საკითხს, როგორებიცაა, სიძულვილის ენის შემცველი მასალების გავრცელება, დეზინფორმაცია და ძალადობა.
ერთ-ერთი საქმე ანტიმუსლიმური შინაარსის შემცველ მასალასა და სიძულვილის ენას შეეხებოდა. მიანმარელმა მომხმარებელმა 2015 წელს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახული იყო სირიელი ბავშვი. იგი ზღვაში ჩაიძირა, სანამ ევროპის ნაპირამდე მიაღწევდა. ფოტოს თან ახლდა კომენტარი, რომლის ქვეტექსტი ფეისბუკმა ასე გადათარგმნა: „მუსლიმებს რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ“.
სამეთვალყურეო საბჭომ ჩათვალა, რომ მიანმარელის პოსტი კონტექსტიდან იყო ამოღებული. საბჭოს დადგენილებით, პოსტი არ იყო სწორად ნათარგმნი, უნდა ყოფილიყო: „მუსლიმ მამაკაცებს, გარკვეულწილად, არასწორი აზროვნება აქვთ“. სამეთვალყურეო საბჭოს აზრით, მიანმარში მუსლიმების წინააღმდეგ ძალიან ხშირია სიძულვილის ენის გამოვლინების ფაქტი და რომ პოსტი, რომელშიც მუსლიმები არაჯანსაღ ან ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებად არიან გამოყვანილი, არ აძლიერებს ამ რიტორიკას.
კიდევ ერთი საქმე შეეხებოდა პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში 2020 წლის ოქტომბერში გააზიარეს. მომხმარებელმა გაავრცელა ციტატა, რომელიც თითქოს ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტ იოზეფ გებელსს ეკუთვნის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ფეისბუკმა წაშალა პოსტი, მაგრამ მომხმარებელი ამბობდა, რომ ციტატა მხოლოდ ტრამპის გასაკრიტიკებლად გაააზიარა და არა იმისთვის, რომ სიძულვილის შემცველი მასალები გაევრცელებინა. საბჭომ მომხმარებლის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.
კიდევ ერთი საქმე შეეხებოდა ვიდეოს, რომელშიც საუბარი იყო კოვიდ-19-ის ე.წ. მკურნალობის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ვიდეო საფრანგეთის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო გამოქვეყნებული და რომ ისინი არ მოუწოდებდნენ მომხმარებლებს, თვითმკურნალობისთვის მიემართათ.
ასევე განიხილებოდა ინსტაგრამის საქმე. სოციალური ქსელიდან ფეისბუკმა წაშალა ფოტოები, რომლებზეც გამოსახული იყო ძუძუს კიბოს სიმპტომები. ფეისბუკის ავტომატურმა სისტემამ ჩათვალა, რომ ამ ფოტოთი შიშველი სხეული იყო გაზიარებული, რაც აკრძალულია ფეისბუკის წესების მიხედვით.
შემდეგი საქმე აზერბაიჯანთან დაკავშირებული საქმე იყო. საბჭო დაეთანხმა ფეისბუკის მიერ მიღებულ გადაწვეტილებას. მომხმარებლის მიერ გაზიარებული სტატუსი შეურაცხყმყოფელი იყო აზერბაიჯანელებისთვის. საბჭომ დაასკვნა, რომ კონკრეტულად ეს სტატუსი, დადგენილი სტანდარტების მიხედვით, სიძულვილის გამოხატულებაა და მიმართულია აზერბაიჯანელების დისკრიმინაციისკენ და რომ ეს სტატუსი ზოგადად ერის დამცირებაა.
ამჟამად საბჭო განიხილავს ფეისბუკის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ტრამპის ანგარიშები მას შემდეგ გაუქმდა, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ. საბჭო გამოიტანს დასკვნას, რამდენად სამართლიანი იყო ფეისბუკის გადაწყვეტილება.
საბჭოს სურს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა საზოგადოებამაც მიიღოს. უნდა აღდგეს თუ არა დონალდ ტრამპის ანგარიში? თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ ამ ბმულზე.