ბოლო სამი თვის განმავლობაში დღეს, 29 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ამ ფონზე შესაძლოა, შეზღუდვები გეგმაზე ადრე შემსუბუქდეს და ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 თებერვლიდან აღდგეს.
„ჩვენთან სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მაჩვენებელიც მცირდება. მე კარგად მესმის ყველა ბიზნესის, მათ შორის რესტორნების მფლობელებისა, მაგრამ ჩვენ რომ ყველაფერი ერთბაშად გავხსნათ, იგივე იქნება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. ნამდვილად არ მინდა, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, როგორშიც კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ვიყავით. ეს ვირუსი არსად არ გამქრალა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, მოსწავლეების სკოლებში დაბრუნება მათთვის პრიორიტეტია. ნათია თურნავას თქმით, საუბარია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით, სამ დიდ ქალაქში სკოლები გეგმაზე ადრე გაიხსნას. რესტორნების გახსნა კი მას შემდეგ იგეგმება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
„ცალკეული ბიზნესი, რომელიც აპროტესტებს იმას, რომ ჯერჯერობით ვეღარ მუშაობს, პრობლემას მხოლოდ თავისი გადმოსახედიდან უყურებს და ეს გასაგებია. ჩვენ კი კომპლექსურად ვიაზრებთ პრობლემას. მარტო რესტორნები ხომ არ გვაქვს გასახსნელი, სკოლებზეც და ტრანსპორტზეც უნდა ვიზრუნოთ. ბევრი სხვა სფროა, რომლებიც ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულია“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად პირველი თებერვლიდან მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების წესიც მარტივდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საქართველოში შემოსვლა უპრობლემოდ შეეძლებათ. ვისაც ვაქცინა არ ექნება გაკეთებული, PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინოს. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მათ 72 საათში განმეორებითი კვლევის ჩატარების ვალდებულება ექნებათ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც საქართველოში რეგულარულ ფრენებს აღადგენენ, მიმართავს, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელსაც PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება წარმოდგენილი.
„საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ტესტის უარყოფითი პასუხით უნდა შემოვიდნენ, ამის შემდეგ ან ძველებურად 8-დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ ან შეუძლიათ, თვითიოზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტირება ჩაიტარონ და თავისუფალი იქნებიან თვითიზოლაციისგან“, ამბობს ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.
საქართველო იმ 12 ევროპულ ქვეყანას შორისაა, რომლებიც „ფაიზერის“ ვაქცინის ლიმიტირებული დოზის მისაღებად ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, როგორ გადანაწილდება „კოვაქს პლატფორმიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინა დაბალ და საშუალოდ განვითარებულ 51 ქვეყანაში.