მთავარიდღის ამბებითუ ინფიცირების კლების მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდა, მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე...

თუ ინფიცირების კლების მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდა, მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე იმსჯელებს

თუ კორონავირუსით ინფიცირების კლების მიმდინარე ტენდენცია ერთი კვირა შენარჩუნდა, მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე იმსჯელებს. ეს პირველ რიგში შეეხება  თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. კვლავ დაიშვება სკოლაში სიარული და ეტაპობრივად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მთავრობის ფორმატში დღეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს – როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად ეკონომიკის გახსნა,“ –  ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრებს 28 იანვარს მთავრობის სხდომაზე .

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნოემბრის ბოლოს დაწესებულ შეზღუდვებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ვინაიდან მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში იმდენად მაღალი იყო, რომ  ზოგ ქალაქში 30%-საც კი აჭარბებდა.

პრემიერის მიხედვით, ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ 27 იანვარს აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მხოლოდ 723 ტესტი გამოდგა. თუმცა ეს მაინც აჭარბებს მიზნობრივ 4 პროცენტს, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც, მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნას აპირებს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4% 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

მისი განცხადებით, დღევანდელი მონაცემები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და  შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა დაჩქარდეს, მაგრამ ისე, რომ ეპიდემიის მართვა საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

„ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ისე, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ – ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, სწავლა კლასებში დაიწყონ. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად ამოქმედებაც, ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ორი თვის ერთობლივი შრომის შედეგად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის მიხედვით, ეკონომიკური გუნდი პირველი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე რამდენიმე დღეა, ხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული. 

„ორი, სამი, ოთხი ან ხუთი ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში, ვერანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, უფრო პასუხისმგებლიანად და გონივრულად უნდა გადავდგათ ნაბიჯები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend