სანამ რუსეთი ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების – საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმებს უგულვებელყოფს, საქართველო მხარს არ დაუჭერს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
„რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვისას, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. სასამართლომ მართლზომიერად დააყენა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნორმების დარღვევისათვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციის შემდგომ პერიოდში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში“, – ასე მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დელეგატებს შეახსენა, რომ სულ ახლახან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ერთხმად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და კონტროლი.
„რუსეთმა დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის: წამების აკრძალვა, სიცოცხლის უფლება, გადაადგილების თავისუფლება და საკუთრების უფლება. ნება მიბოძეთ გკითხოთ – შეიცვალა რამე 2008 წლის შემდეგ?! ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას?! იკვეთება მისი დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ?! შეასრულა მან ევროსაბჭოს რეკომენდაციები?! ყველა ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა – არა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი შეფასებით, 2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა – ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა საკუთარ ტერიტორიებზე დაბრუნების შესახებ.
ამ ყველაფერს თან ისიც ერთვის, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებას და ისევ აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას.
„შესაბამისად, სანამ ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ და ეს ნორმები წარმოადგენს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში“, – ასე დაასრულა კახა კუჭავამ თავისი გამოსვლა.