მთავარიCOVID-19ჩათვალეთ, რომ ასე ჩვენ ვართ უწყლოდ, უჟანგბადოდ - ქორეოგრაფი

ჩათვალეთ, რომ ასე ჩვენ ვართ უწყლოდ, უჟანგბადოდ – ქორეოგრაფი

პანდემიამ და შეზღუდვებმა ცეკვის მოყვარულების ცხოვრება შეცვალა – თუკი მოცეკვავეები თვეების განმავლობაში აქტიურ რეპეტიციებს გადიოდნენ საკონცერტო დარბაზებში გამოსასვლელად, ახლა დარბაზები დაკეტილია. ქორეოგრაფების ნაწილი ანსამბლებისა და შემოსავლის გარეშე დარჩა, მოცეკვავეებს კი სარეპეტიციო სივრცეებში დაბრუნება სურთ.

12 წლის თათია მონიავა დედასთან ერთად სკვერში სასეირნოდ არ ჩასულა. უნდა, რომ იცეკვოს… ყველგან, სადაც შეძლებს. ამისთვის სივრცე სჭირდება. სივრცე და მაყურებელი. თუმცა უკვე 10 თვეა მისი ერთადერთი მაყურებელი დედაა.

“ცეკვა თათიას სიყვარულია. რაც თავი ახსოვს, სულ ცეკვავს. ვირუსის გავრცელების რისკი ყოველთვის, ყველგან იქნება. მაგრამ ვფიქრობ, ასე სახლში გამოკეტვა არ არის გამოსავალი. ბავშვებს ეს ყველაფერი სჭირდებათ, სიცოცხლე სჭირდებათ. მათ კი ცხოვრების ყველაზე მთავარ პერიოდში სახლში უწევთ ყოფნა. ვფიქრობ, რეგულაციების დაცვით მსგავსი აქტივობების განახლება მიზანშეწონილია” – ამბობს ერთ-ერთი ანსაბლის მოცეკვავის, თათია მონიავას მშობელი, თეა სარიშვილი.

რეპეტიციებისა და კონცერტების გაუქმება ქორეოგრაფებისთვისაც რთული აღმოჩნდა. თითქმის დაიშალა ანსამბლები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ. ამ ანსამბლების საკონცერტო ცხოვრება კი მათი შემოსავლის ერთადერთი წყარ იყო.

“ჩვენი მოსწავლეებიდან ალბათ მხოლოდ მეოთხედი დაბრუნდება სარეპეტიციო დარბაზებში. თუმცა ეს მცირე რაოდენობაც კი ჩვენთვის, ქორეოგრაფებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს გვჭირდება როგორც ფინანსურად, ასევე შემოქმედებითი კუთხით. ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვართ უწყლოდ, უჟანგბადოდ… შეიძლება ითქვას, სული გამოგვეცალა ამ ყველაფრის გამო” – ამბობს ქორეოგრაფი და ეროვნული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ნინო დარახველიძე.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სიჩუმეა. ეს დარბაზები ცარიელი თითქმის არასდროს იყო. ახლა კი ათასობით მოზარდი სამეცნიერო თუ სახელოვნებო წრეების გარეშე, ონლაინ პლატფორმების იმედად დარჩა.

“ჩვენ ძირითადად ონლაინ სწავლებაზე გადავედით. ვოკალის გაკვეთილიც შეიძლება ჩაატარო ონლაინ, მაგრამ ყველა საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავება ასე შეუძლებელია. ყველა დეტალი გასათვალისწინებელია – სწორად დგომა, დიაფრაგმის სწორად დაყენება, სწორად სუნთქვა. უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდს რაიმე არ დაუზიანდეს. ბავშვი შეიძლება ონლაინ ამეცადინოს ქორეოგრაფმაც, მაგრამ შესაძლოა არასწორ პოზიციაში დგომით ბავშვმა მყესი დაიზიანოს და ეს პედაგოგმა ვირტუალურად ვერ გააკონტროლოს” – ამბობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თიკა რუხაძე.

თათია  თავისი საყვარელი ცეკვის ილეთებს იმეორებს. ის კონცერტისთვის ემზადება. კონცერტისთვის, რომლის თარიღიც ჯერ არავინ იცის…

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend