27 იანვარს, რესტორნებისა და კაფე-ბარების გახსნის მოთხოვნით, ბულგარეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში რესტორნებისა და კლუბების მფლობელები, მიმტანები და ბარმენები მონაწილეობდნენ.
დაახლოებით 1 500 ადამიანი მთავრობის შენობის წინ შეიკრიბა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მათთვის მუშაობის შესაძლებლობის მიცემისა და დაგვიანებული კომპენსაციების გადახდისკენ მოუწოდა.
ბულგარეთში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ფონზე, საშუალო სკოლების, სავაჭრო ცენტრებისა და სავარჯიშო დარბაზების თებერვლიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნების, ბარებისა და კაფეების გახსნა კიდევ ერთი თვით გადაიდო.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შესაძლოა, კიდევ უფრო მკაცრი კარანტინი გამოიწვიოს, შეზღუდვები ამ დროისთვის ძალაში უნდა დარჩეს.
„ჩვენ თანდათან ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, რიცხვების მიხედვით. მე ეს ნათლად ავხსენი. ჩვენ გვესმის მომიტინგეების, ამიტომაც მოვიფიქრეთ მხარდაჭერის განსხვავებული სქემები“, – განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.