საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვევა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი. ვიზიტი 27-28 იანვარს შედგება რეგიონალური ტურნეს ფარგლებში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. განსახილველ საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დავით ზალკალიანს კორონავირუსი აქვს.
ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
საქართველოში ვიზიტამდე მოჰამად ჯავად ზარიფი იმყოფებოდა აზერბაიჯანსა და რუსეთში. ამჟამად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანშია, სადაც დღეს შეხვდება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს.
რეგიონული ტურნეს დაწყებამდე მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ეწვევა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა,საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, აქბარ ყასემი. მისი თქმით, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, საქართველოსა და თურქეთში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტმა შესაძლოა, გარდატეხა შეიტანოს მნიშვნელოვანი პროცესების განვითარებაში რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და განმტკიცების მიმართულებით.
„საქართველოსა და ირანს შორის ბოლო წლების ურთიერთობებში არსებული დინამიკა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგიერთ ეტაპზე, შენელების პირისპირ აღმოჩნდა. ამჟამად ქვეყნები სრულიად ახლებური მოცემულობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელიც კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ბოლო 44 დღიანი კონფლიქტის დარეგულირებიდან მომდინარეობს. ასეთ ვითარებაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს თანხვედრით, პირველ ეტაპზე შესაძლებელია 1+3 ფორმატის პლატფორმის სახით, შემდეგ კიდევ ორი წევრის მიერთებით, რუსეთისა და თურქეთის სახით, მისი არეალი უფრო გაფართოვდეს და რეგიონულ პროცესებთან დაკავშირებით შეიქმნას ფართო პლატფორმა ირანის, სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით 3+3 ფორმატის ფარგლებში და პერიოდული რეგულარული კონსულტაციების საშუალებით, ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების ფართო და მრავალფეროვანი სპექტრი და ახალი რეგიონალური ინტეგრაცია ამ რეგიონის მოსახლეობის საერთო მიზნების შესაბამისად მიმართული იქნას კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარების და კეთილდღეობისაკენ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული სიძნელეები, მათ შორის ირანელი და ქართველი გადამზიდავების საკითხი, ირანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორების კაპიტალთან მიმართებაში გაუმჭვირვალე მიდგომებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა და ასევე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგები – ეს ის საკითხებია, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია მხარეთა ოფიციალური პირების გონივრული მიდგომებით“, – აცხადებს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი.