მთავარი ამბები გიორგი გახარია - თუ ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ...

გიორგი გახარია – თუ ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი

თუ ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილი, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ დგას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 სხდომაზე პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვები განიხილეს, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლები და მოწაფეთა მშობლები აპროტესტებდნენ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვების  დაწესების შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი უწყვეტად მცირდება.

„ ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში იყო 5 ათასზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 5-6 ათასი შემთხვევაა, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, როდესაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის გახსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვების საკითხი დგება, აუცილებლად უნდა შეფასდეს ის რისკიც, რომ შეზღუდვების მოხსნას შეიძლება ისევ ინფიცირების სწრაფად ზრდა  მოჰყვეს.  შედგად კი ისე სწრაფად დადგება დღის წესრიგში შეზღუდვების ხელახლა დაწესება. ამიტომ სანამ კორონავირუსით  ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე მაღალი იქნება, ქვეყანაში ცხოვრების ჩვეული რიტმი ვერ იქნება.

„ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს.  ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია”, – განმარტა გიორგი გახარიამ.

თუმცა პრემიერი არ გამორიცხავს, რომ თუ ინფიცირების მაჩვენებლი 4 პროცენტს ჩამოცდა,  შეზღუდვების მოხსნის მოქმედი გეგმა დაჩქარდეს.

„რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი – როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, გახსნის უკვე წარმოდგენილი გეგმა დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფად გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.  ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს დაავალა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს პერიოდში, შეხვდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგების წარმომადგენლებს და მათთან აღნიშნული გეგმა განიხილოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

გიორგი გახარიაგიორგი გახარია