სოციალური ქსელი „ტვიტერი“ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკას აფართოებს.
„ტვიტერმა“ აამოქმედა თავისი ახალი პროგრამა, სახელწოდებით Birdwatch, რომელიც პლატფორმაზე დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. ამით „ტვიტერის“ ადმინისტრაცია უფრო მეტ საშუალებასა და შანსს აძლევს თავად მომხმარებლებს. მათ თავად შეეძლებათ მონიშნონ და გადაამოწმონ საეჭვო სტატუსები.
ჯერჯერობით ეს პროგრამა საპილოტე ვერსიაა, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით ათასი ადამიანი იღებს. მათ შეუძლიათ დეზინფორმაციის მონიშვნა და შესაბამისი არგუმენტების წარდგენა, თუ რატომ შეიცავს ეს სტატუსი დეზინფორმაციას.
ამჟამად მომხმარებლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საპილოტე პროექტში, უფლება აქვთ, დაურთონ შენიშვნები, თუმცა ეს მხოლოდ „ტვიტერის“ ვებგვერდ Birdwatch-ზე არის შესაძლებელი.
პროგრამის მიხედვით, მოწმდება დაწერილი შენიშვნებიც, თუ რამდენად სამართლიანად გაასწორა მომხმარებელმა ცრუ ინფორმაციის შემცველი სტატუსი.
ნიმუში „ტვიტერზეცაა“ გამოქვეყნებული. მაგალითად, რომელიმე მომხმარებელი აქვეყნებს სტატუსს, რომ მთავრობა აპირებს, ფანტანებში არსებული წყალი მოციმციმე გახადოს. სტატუსის გასწვრივ იწერება ძახილის ნიშანი, შემდეგ მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არის საპირველაპრილო ხუმრობა, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა ინტერნეტში.
„ტვიტერის“ ვიცე-პრეზიდენტი ქეით კოულმანი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეზინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება და შესაბამისი არგუმენტის წარდგენა, თუ რა სახის დეზინფორმაციას შეიცავს ესა თუ ის სტატუსი.
„ტვიტერი“, ისევე, როგორც თითქმის ყველა სოციალური ქსელი, ებრძვის დეზინფორმაციას, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო, როდესაც „ტვიტერის“ ადმინისტრაცია მონიშნავდა დეზინფორმაციას ან მთლიანად შლიდა მსგავს სტატუსებს.
🐦 Today we’re introducing @Birdwatch, a community-driven approach to addressing misleading information. And we want your help. (1/3) pic.twitter.com/aYJILZ7iKB
— Twitter Support (@TwitterSupport) January 25, 2021
სწორედ ამიტომ მიიღეს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ანგარიშის დაბლოკვის გადაწყვეტილება. კოულმანი აღნიშნავს, რომ ისინი ფიქრობენ იმ რისკებზეც, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს Birdwatch-ის დანერგვას.
ამან, შესაძლოა, საზოგადოების ის ნაწილი გაააქტიუროს, რომელსაც არ სურს ალტერნატიული ინფორმაციის მიღება. ტვიტერის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საპილოტე ვერსიისთვის განკუთვნილ დროს სწორედ ამ საკითხზე მუშაობას დაუთმობენ.
ავტორი: ანეტ მიქელაძე