მთავარი მსოფლიო შეზღუდვები ევროპაში - ინგლისში ვიზიტისას კარანტინის გავლა აუცილებელი გახდა

შეზღუდვები ევროპაში – ინგლისში ვიზიტისას კარანტინის გავლა აუცილებელი გახდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, 72 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. დღეიდან დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის აუცილებელი ხდება კარანტინის გავლა. ესპანეთში კორონავირუსის მაღალი მაჩვენებლის გამო კიდევ უფრო მკაცრდება შეზღუდვები გადაადგილებაზე და საღამოს 10 საათიდან კომენდანტის საათია დაწესებული. 

დღიდან, დიდ ბრიტანეთში ძალაში შევა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ინგლისში ვიზიტისას კარანტინის გავლა სავალდებულო ხდება. ავიახაზების წარმომადგენლების განცხადებით, ამ  გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო ჩაიკეტება ქვეყნის საზღვრები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ორშაბათს ლონდონში ვაქცინაციის ერთ-ერთ  ცენტრს ესტუმრა. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად უახლოეს მომავალში ქვეყანაში სკოლების გახსნა არ იგეგმება.

,,სკოლების გახსნა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული საკითხია, თუმცა არ მგონია, ვინმე ემხრობოდეს ასე მოკლე დროში შეზღუდვების გაუქმებას, მაშინ, როცა ინფექცია ჯერ კიდევ სწრაფად ვრცელდება’’- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ესპანეთში ვირუსის გავრცელების ზრდასთან ერთად ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. მადრიდში კომენდანტის საათი უკვე საღამოს 10 საათიდან იმოქმედებს. ვალენსიაში კი იკრძალება 2-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება, თუ ისინი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან. რეგულაციების გაამკაცრების მიზეზი კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლია. გასულ შაბათ-კვირას ესპანეთში კორონავირუსის 93 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბრიტანეთისა და ესპანეთისაგან განსხვავებით, უკრაინაში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, ქვეყანაში უკვე იგეგმება საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, გამოფენების, კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში