მთავარიმსოფლიოქარიშხალმა ფილომენამ მადრიდის შემოგარენს 46 მილიონი ევროს ზარალი მიაყენა

ქარიშხალმა ფილომენამ მადრიდის შემოგარენს 46 მილიონი ევროს ზარალი მიაყენა

ესპანეთში ქარიშხალმა ფილომენამ დედაქალაქ მადრიდის შემოგარენს 46 მილიონი ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა. ქარიშხლის შედეგად დაიხოცა პირუტყვი, განადგურდა სათბურები და სახნავ-სათესი მინდვრები. ფერმერები დახმარებას მთავრობისგან ელიან, თუმცა პროცესი ნელა მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის უამინდობისგან მიყენებული ზარალის აღდგენის პროცესს. 

ქარიშხალ ფილომენას ამოვარდნიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. მადრიდის შემოგარენში მისი შედეგები თვალშისაცემია.

ფერმაში აღარ არის იმდენი ძროხა და ცხვარი. ბევრი მათგანი ყინვისგან იხოცება – ბევრი კი შიმშილით, ვინაიდან დიდთოვლობაში ფერმერები მათ კვებას ვერ ახერხებენ.

„ადრე, სანამ პირუტყვის გამოსაკვებად გარკვეული რაოდენობის საკვები მჭირდებოდა, ახლა ეს ოდენობა სამჯერ გაიზარდა. უნდა დავრწმუნდე, რომ ცხოველები იმავე წონას ინარჩუნებენ. გამხდარი და დასუსტებული პირუტყვი ვერ ახერხებს ნაშიერის გამოკვებას და ისინიც იხოცებიან.“ – ამბობს ფერმერი ხორხე იზქუერდო.

სოფლებში გარეკულტურების უმეტესობა ქარიშხლის დროს განადგურდა. დაზიანდა სათბურებიც. ფერმის მფლობელის განცხადებით, სათბურის შეკეთება მინიმუმ 100 000 ევრო დაუჯდება.

„ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. რეალურად, ზარალი იმაზე დიდი იქნება, ვიდრე თქვენ ახლა ხედავთ. თუკი მცენარეებს ახლა ან უახლოეს მომავალში არ დავრგავთ, თითოეული მომდევნო თვე ზარალს უდრის.“ – განუცხადა ევრონიუსს ფერმერმა ხავიერ დე ლა პენამ.

ესპანეთის სოფლებში ქარიშხალმა ფილომენამ მეურნეობას კიდევ სხვა ბევრი დაბრკოლება შეუქმნა.

ფერმერები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ ჩივიან. ისინი ამბობენ, რომ დახმარების მიღება ბიუროკრატიის გამო ნელი და რთული პროცესია. ამ ვითარებამ კომპენსაციების მიღებაც შეიძლება გაართულოს.

ესპანეთის მცირე ფერმერებისა და მეცხოველეობის კავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათთვის ბიუჯეტიდან 16 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი. მისი თქმით, პრობლემა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო.

„თუ თქვენ მართავთ კომპანიას, გაქვთ თქვენი მეურნეობა, აგრობიზნესში ხართ ჩართული, ისედაც მცირე მოგებაზე მუშაობთ. ამ ყველაფერს ქარიშხალი ფილომენა ერთვის და თქვენი შრომა წყალში იყრება. ზარალის ანაზღაურებას აურაცხელი რაოდენობის თანხა სჭირდება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში უმნიშვნელო შემოსავალზე ვმუშაობდით. აღარავის სურს აგრობიზნესში ფულის ჩადება.“- ამბობს მცირე ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენელი მონიკა ალვარო.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შეფასებით, ზარალი 46 მილიონ ევროზე მეტია. ისინი ცენტრალურ ხელისფულებას დახმარებას სთხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend