ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძაღლებში ჭირის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ამის გამო გადაიტვირთა კლინიკები და გაიზარდა სატელეფონო კონსულტაციების რაოდენობა.
„ბოლო ერთი კვირაა, ჩემი და ჩემი კოლეგების ტელეფონი არ გაჩერებულა. სანამ პანიკას აჰყვებიან, კარგი იქნება, ჯერ გადაამოწმონ ინფორმაცია. არც სტატისტიკის მიხედვით ჩანს, რომ ჭირის დაავადების შემთხვევებია მომატებული. თბილისში მოდებულია ე.წ. ვოლიერული ხველა, ინფექციური ტრაქიობრონქიტი“, – ამბობს ვეტერინარი დავით ნანობაშვილი. ის ასევე განმარტავს, რომ ე.წ. ხორცის მჭამელთა ჭირი, რომელსაც ძაღლების ჭირს უწოდებენ, განსხვავდება შავი ჭირისგან და ეს ადამიანებისთვის სახიფათო არ არის.
ვოლიერული ხველა ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ჭირის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, თუმცა მისგან განსხვავებით, ამ ვირუსით ცხოველები არ იხოცებიან.
გურამ ცერცვაძის ძაღლი ერთ-ერთია იმ ძაღლებს შორის, რომლებიც ტრაქიობრონქიტით არიან ინფიცირებული. თბილისის რამდენიმე ვეტკლინიკაში გურამს უთხრეს, რომ მის ძაღლს ჭირი ჰქონდა.
„ჭირზე გაუკეთეს ტესტი და დადებითი პასუხი მოვიდა. ეს ტესტი ანტისხეულებს ამოწმებს. სხვა ვეტერინართანაც წავედი, კვლავ გასინჯეს ანტისხეულებზე და პასუხი იქაც დადებითი იყო, თუმცა ანტისხეულები მხოლოდ მცირე რაოდენობით ჰქონდა. ლოგიკურად, შესაძლოა, ეს ვაქცინითაც იყო გამოწვეული. ბოლოს აქ მოვედი, სადაც გაირკვა, რომ ჭირის ტესტის რეალური პასუხი უარყოფითია“, – გვიყვება გურამ ცერცვაძე.
დღეისათვის ძაღლებში რესპირატორული დაავადებების მატება მართლაც შეინიშნება. ამ ორ დაავადებას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. ვეტერინარებს ხშირად უწევთ ჭირის ტესტის ჩატარება, რადგან ჭირის დაავადება ერთადერთია, რომლის წინასწარი გამოვლენაც საქართველოში ტესტის საშუალებითაა შესაძლებელი.
ამ დაავადებას ხორცის მჭამელთა ჭირს უწოდებენ. ამ ამბავმა მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოიწვია, თუმცა ეს დაავადება მხოლოდ ძაღლებისთვისაა დამახასიათებელი.
ვეტერინარ მარიამ ჩხიკვიშვილის თქმით, ჭირის ტესტზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ჭირის შემთხვევებიც არის, რადგან ამ დაავადებას სეზონურობა ახასიათებს. ამიტომ წინა თვეებთან შედარებით, ამ სეზონზე მეტი შემთხვევაა, თუმცა ასეა ყოველწლიურად.
ჭირისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ძაღლის კომპლექსური აცრაა, ვაქცინაცია ლეკვობიდან იწყება და ყოველწლიურად სავალდებულოა. თუმცა, ვეტერინარების თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაქცინის ხარისხი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს ვადაგასულ ან არასწორ პირობებში შენახულ ვაქცინას გაუკეთებენ, ის მას ჭირისგან ვერ დაიცავს.
ავტორი: კესარია ჯავახიშვილი