მთავარი საქართველო საოჯახო სასტუმროს კრიზისი

საოჯახო სასტუმროს კრიზისი

თბილისში საოჯახო სასტუმროების დიდი ნაწილი უკვე თითქმის ერთი წელია აღარ მუშაობს. ასეთი ტიპის სასტუმროების შემოსავალი ძირითადად საერთაშორისო ტურისტებზე იყო დამოკიდებული, ამიტომ პანდემიის გამო საოჯახო სასტუმროების უმრავლესობა დაიხურა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულარული საერთაშორისო  ავიარეისები პირველი  თებერვლიდან აღდგება, თუმცა სასტუმროების მეპატრონეების თქმით, სანამ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვებია, ავიამიმოსვლის აღდგენა  მათთვის არაფერს შეცვლის.

ძველ თბილისში მდებარე ეს პატარა საოჯახო სასტუმრო არც თუ ისე დიდი ხნის წინ ტურისტებით იყო სავსე, ახლა კი დაცარიელებულია. როგორც სასტუმროს მეპატრონე, ჯანო ქოროღლიშვილი ამბობს, მისი შემოსავლის მთავარი წყარო სწორედ ეს საოჯახო სასტუმრო იყო, თუმცა პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და ახლა შეჩერებული საოჯახო ბიზნესი მისი მთავარი საზრუნავია.

„ეს მცირე, საოჯახო სასტუმრო 2018 წლის ზაფხულიდან გავხსენით და პანდემიამდე ნორმალურად ფუნქციონირებდა. ზუსტად თებერვლის ბოლოდან მოყოლებული მარტიდან გაგრძელებული ამ სფეროს დიდი ზიანი მიადგა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ტურისტების 80%-მა პანდემიის გავრცელებისთანავე გააუქმა გაზაფხულისა და ზაფხულის ჯავშნები“, – ამბობს საოჯახო სასტუმროს მეპატრონე, ჯანო ქოროღლიშვილი.

ეს სასტუმრო, გამონაკლისი არ არის,  საოჯახო სასტუმროების მუშაობა კორონავირუსმა შეაჩერა. როგორც ჯანო ქოროღლიშვილი ამბობს, როცა ქვეყანა ჩაიკეტა, სასტუმროს ნომრები მაინც იჯავშნებოდა, თუმცა მალევე უქმდებოდა საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო.

„განსაკუთრებულად მარტის შემდგომი პერიოდი მახსენდება. წინასწარ არავის არ გვქონდა რამე დაგეგმილი, მობილიზებულები არ ვიყავით და ასე უცბად რომ შეწყდა და გაუქმდა ჯავშნები მოულოდნელი იყო და სხვა სფეროზე გადაწყობა გაგვიჭირდა“, – იხსენებს საოჯახო სასტუმროს მეპატრონე, ჯანო ქოროღლიშვილი.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ტურისტული სექტორი პანდემიის პირობებში მუშაობის განახლებას შეძლებს.

„სამწუხაროდ, ტურიზმის სექტორს კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი არ გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყოველი დღე ახალი მოლოდინებითა და იმედებით არის სავსე. ყოველ დღე გვეცვლება გეგმები, ყოველი დღე რაღაც ახალი ინფორმაციის მომტანია, რის გამოც ფაქტობრივად ჩვენი გეგმები ძალიან დინამურია და ყოველ დღე ვცდილობთ, რომ კრიზისს მოვერგოთ“, – ამბობს სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი, გიორგი დოლიძე.

თუმცა, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს თავიანთი მოსაზრებები აქვთ თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

„ამ მხრივ, საკმაოდ კომპლექსური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და სასწრაფოდ არის შესამუშავებელი პოსტკოვიდური სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, როგორ უნდა აღდგეს ინდუსტრია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ახალი რეალობის წინაშე ვდგებით.

ჯანო ქოროღლიშვილი ამბობს, რომ მის სასტუმროს მუდმივი ვიზიტორებიც ჰყავს და ისინი ახლაც ხშირად ურეკავენ. აინტერესებთ, როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა საქართველოში და ჩამოსვლას ისევ გეგმავენ.

 

ავტორი: ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები