საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის წესი, ასევე, მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები ერთჯერადი – გარდამავალი ხასიათის ნორმებით დარეგულირდება, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 25 იანვრის სხდომაზე წარედგინება.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორების განმარტებით, რეგლამენტში არსებული რეგულაციის ფარგლებში, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი სუბიექტების მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენა ვერ ხერხდება.
შესაბამისად, მომზადებული პროექტი გარდამავალი ხასიათის ნორმას ითვალისწინებს, რომლითაც ძირითადისგან განსხვავებული წესი დგინდება, რაც შესაბამის სუბიექტებს საშუალებას მისცემს, მიმდინარე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული უფლებით ისარგებლონ.
კონკრეტულად, მომზადებული პროექტის თანახმად, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს ენიჭება.
გარდა ამისა, მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ოთხკაციან ჯგუფს.
მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც საპარლამენტო ფრაქცია არ აქვს შექმნილი, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დამატებით მიეცემათ 10 წუთი ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრების გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. ეს წესი იმ სხვა პროცედურაზეც გავრცელდება, რომელიც წარიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ან პოლიტიკური დებატებისთვის დადგენილი წესით.
აღნიშნული ცვლილებების პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ლევან მგალობლიშვილი, რომლებიც პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.