მთავარი ამბები NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45-46 პროცენტი თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არის, ქვეყნის...

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45-46 პროცენტი თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არის, ქვეყნის მთავარი გამოწვევა კი დასაქმებაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა  45-46 პროცენტი თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არის, ეროვნულ დონეზე ქვეყნის მთავარი გამოწვევა კი დასაქმებაა. მხოლოდ 22 პროცენტი თვლის მთავარ გამოწვევად ტერიტორიულ მთლიანობას და 16 პროცენტი  – კორონავირუსს. სასამართლო სისტემა და სიტყვის თავისუფლება ეროვნულ დონის პრობლემების ათეულში საერთოდ არ მოხვდა. გამოკითხულთა 76 პროცენტი თვლის, რომ პარლამენტმა მოქალაქის ინტერესები რომ გაატაროს, პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა ყველა არჩეულმა პარტიამ უნდა მიიღოს. ევროკავშირის წევრობას 80 პროცენტი ემხრობა, ნატოში შესვლას კი  – 74 პროცენტი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბერის პერიოდში ჩაატარა. კვლევა 2053 დასრულებულ ინტერვიუს ეყრდნობა და მისი საშუალო ცდომილების ზღვარი  +/- 1.1%-ია. კვლევისას, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

კვლევა ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის მოსახლეობის პრიორიტეტების შესახებ (ჯანდაცვა და ეკონომიკა) სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდება; ახლადარჩეული პარლამენტისთვის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ არსებული მოლოდინების შესწავლა; გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კოვიდ-19-ისა და ვაქცინაციის საკითხის მიმართ არსებული დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

რამდენად სწორ გზაზე დგას ქვეყანა?

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა – 38 პროცენტი –  თვლის, რომ ქვეყანა მცდარი გზით მიდის, 32 პროცენტს კი აღებული კურსი მოსწონს.  22 პროცენტის აზრით, ვითარება საერთოდ არ იცვლება.

ქართული ოცნების მხარდამჭერების 67 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, 13 პროცენტისთვის – მდგომარეობა არ იცვლება, 15 პროცენტი კი ფიქრობს, რომ მცდარი გზით მიდის.

ოპოზიციის მხარადმჭერების მხოლოდ 10 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა სწორ გზას ადგას, 21 პროცენტის აზრით-არაფერი იცვლება, 65-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა არ დგას სწორ გზაზე.

დემოკრატია

გამოკითხულთა 45 პროცენტი თვლის,  რომ საქართველოში დემოკრატია არის, 42 პროცენტის აზრით არ არის, 12-მა პროცენტმა  – არ იცის.

დემოკრატიის არსებობის ყველაზე მეტად სჯერა 18-34 ასაკობრივ კატეგორიას – 47 პროცენტს, ამავე კატეგორიის 40 პროცენტი თვლის, რომ არ არის.  ყველაზე ნიჰილისტური დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ 55 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგროიაში აღმოჩნდა: ამ ჯგუფის  41 პროცენტს მიაჩნია, რომ დემოკრატია არის,  47 კი დემოკრატიას ვერ ხედავს.

ეროვნული მნიშვნელობის პრიორიტეტები

ეროვნული დონის უპირველეს პრიორიტეტად გამოკითხულთა 46 პროცენტმა დასაქმება დაასახელა, 37 პროცენტმა – სიღარიბე, 31 პროცენტმა – ფასების ზრდა.  მხოლოდ 22 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტი ტერიტორიულ მთლიანობაა,  კორონავირუსს კი მთავარ პრიორიტეტად 16 პროცენტი თვლის. განათლება ნომერ პირველი გამოწვევა 11 პროცენტისთვის აღმოჩნდა, პენსიებისა და ხელფასების მოცულობა პრიორიტეტად 9 პროცენტი აღიარებს, სამედიცინო მომსახურებას – 6 პროცენტი, ადამიანთა  უფლებებს კი – 4 პროცენტი.

სასამართლო სისტემა და სიტყვის თავსიუფლება პრიორიტეტების ათეულშიც კი ვერ  მოხვდა. ეს ორი საკითხი პრიორიტეტი მხოლოდ 2 პროცენტისთვის აღმოჩნდა.  ასევე თანაბარი – 2/2 პროცენტი მიიჩნევს პრიორიტეტად ნატოში გაწევრიანებს, კორფუფციასა და  სამართლიან არჩევნებს.

ეკონომიკა

ეკონომიიკის მთავარ გამოწვევად კვლევის ფარგლებში   უმუშევრობა დასახელდა – გამოკითხულთა 59 პროცენტი სწორედ ასე თვლის.  თუმცა გასული წლის აგვისტოში იგივე კვლევის ფარგლებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი – 67 პროცენტი იყო.

ფასების ზრდა  ეკონომიკის მთავარ პრობლემად დეკემბრის კვლევაში გამოკითხულთა  45-მა პროცენტმა დაასახელა – აქ მატებაა აგვისტოს კვლევის 33 პროცენტთან შედარებით.

სიღარიბეს ყველაზე მეტად 28 პროცენტს აწუხებს, ეროვნული ვალუტის  ლარის გაუფასურება კი –  27 პროცენტს. 2020 წლის აგვისტოში ლარის გაუფასურება 9 პროცენტით ნაკლებს  – 18 პროცენტს  – აღელვებდა.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკის მთავარ პრობლემად დეკემბრის გამოკითხვით 14  პროცენტმა დაასახელა, თავად კორონავირუსი კი  – 10 პროცენტმა.

ოჯახის კეთილდღეობა

გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი, 45 პროცენტი თვლის, რომ 2016 წელთან შედარებით, მისი ოჯახის კეთილდღეობის დონე იგივე დარჩა, 32 პროცენტის აზრით – გაუარესდა და ყველაზე მცირე 23 პროცენტი ამბობს, რომ გაუმჯობესდა.

ევროკავშირის წევრობა

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანება  გამოკითხულთა 80-მა პროცენტისთვის მისაღებია,  12 პროცენტმა არ იცის და მხოლოდ 8 პროცენტია წინააღმდეგი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ეროვნულ დონეზე  გამოკითხულთა 74 პროცენტი ამის მომხრეა, 16-მა არ იცის, 9 პროცენტი კი წინააღმდეგია. 

ჯანდაცვის სისტემის პრობლემები

ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემად გამოკითხულთა ნახევარზე მეტი –  56 პროცენტი მედიკამენტების ფასს ასახელებს, პანდემიის სხვა გამოწვევებს – 25 პროცენტი,  საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა  კორონავირუსთან მიმართებაში- 16, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმს  14 პროცენტი იწუნებს, საავადმყოფებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას – 13 პროცენტი. სამედიცინოს მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტის ფასი ჯანდაცვის სისტემის პრობლემად 13 პროცენტს მიაჩნია,  კორონავირუსთან დაკავშირებით ექიმის ხელმისაწვდომობა კი – 12 პროცენტს. მხოლოდ 9 პროცენტი თვლის, რომ ჯანდაცვის სისტემას პრობლემები არა აქვს.

პანდემია და მთავრობა

პანდემიის მართვის კუთხით მთავრობის მუშაობა დადებითად  60 პროცენტმა შეაფასა, 33-მა  – ცუდად, 7 პროცენტმა პასუხი  ვერ გასცა.

რაც შეეხება კორონავირუსის პროგნოზს,  33 პროცენტი თვლის, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა, 39 პროცენტი პესიმისტურად არის განწყობილი და თვლის რომ ყველაზე ცუდი  წინაა, 22-მა არ იცის, 6 პროცენტს კი კორონავირუსი პრობლემა არ ჰგონია.

 ვაქცინა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ აზრი თანაბრად გაიყო: 41 აცხადებს რომ აიცრება, 41 – უარს ამბობს. თუმცა 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, აცრის მომხრეთა რიცხვი 3 პროცენტითაა გაზრდილი, აცრაზე უარს კი 5 პროცენტით ნაკლები მოქალაქე ამბობს. ჯერ პასუხს ვერ ამბობს  17 პროცენტი – ეს მაჩვენებელი აგვისტოში  15 პროცენტი იყო.

უფრო დიდი ალბათობით აცრის მზადყოფნას მამაკაცები აცხადებენ, ვიდრე ქალები. ასევე აცრას მეტად ემხრობიან უმაღლესი განათლების მქონე პირები, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ხალხი.

თუ კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოკითხულთა 86 პროცენტმა იცის, როგორ მიიღოს საჭირო ინფორმაცია [ოჯახის ექიმი, ჰოსპიტალიზაცია და სასაწრაფო], 13 პროცენტმა – არა.

როგორ უმკურნალოს კორონას სახალის პირობებში  იცის 77 პროცენტმა, 22 პროცენტმა – არა.  სად გაიკეთოს ტესტი უფასოდ იცის გამოკითხულთა 65 პროცენტმა, 33-მა კი  – არა.

პარლამენტის მიმართ დამოკიდებულება

გამოკითხულთა 76 პროცენტი თვლის, რომ პარლამენტმა მოქალაქის ინტერესები რომ გაატაროს, პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა ყველა არჩეულმა პარტიამ უნდა მიიღოს.  13 პროცენტი თვლის, რომ ეს აუცლებელი არ არის, 11 პროცენტმა არ იცის. გამოკითხულთა 31 პროცენტი ქართული ოცნების მხარდამჭერია, 14 პროცენტი- ოპოზიციის, თუმცა ნახევრაზე მეტმა –  54 პროცენტმა პოლიტიკური პარტია არ დაასახელა.

2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობა

გამოკითხულთა 77 პროცენტი ამბობს, რომ არჩევნებზე მივიდა,  22-არა.

კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – გამოკითხულთა 31 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 5 პროცენტმა – „ნაციონალური მოძრაობა“, არცერთი არ აღმოჩნდა მისაღები 25 პროცენტისთვის, პასუხი არ გასცა 24 პროცენტმა, პასუხი ვერ გასცა 5-მა პროცენტმა, ყველა სხვა პარტია (“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”) დაასახელა 9 პროცენტმა.

საყურადღებოა, რომ ბოლო ერთ წელიწადში შემცირებულია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მათ პოზიციასთან ახლოს მდგომ პარტიად ოპოზიციურ ძალას ასახელებდა. კერძოდ, NDI-ის მიერ 2020 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა  19% თვლიდა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ იდგა, 13 %  „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებდა, 14%-ს კი კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend