ევროპის ქვეყნებში ფაიზერისა და ბიოენტეკის ვაქცინების მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობს. კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით, მათ გარკვეული ცვლილებები შეაქვთ წარმოების პროცესში და ვაქცინის შეუფერხებლად მიწოდება მიმდინარე კვირას განახლდება. ვაქცინის მიწოდების შეფერხებას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც გამოეხმაურა, მისი თქმით, იტალია ფაიზერისა და ბიოენტეკის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს, თუ კომპანიები აღებულ ვალდებულებას თავს სათანადოდ ვერ გაართმევენ.
ავსტრიელი ექიმების აზრით, ევროკავშირს კოვიდ-19-ის ვაქცინის უფრო მეტი რაოდენობა უნდა შეეძინა. ეს განცხადება ბელგიაში არსებული „ფაიზერ-ბიოენტეკის“ საწარმოდან ევროპის ქვეყნებში ვაქცინის მიწოდების შეფერხებას მოჰყვა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ გარკვეული ცვლილებები შეაქვთ წარმოების პროცესში და ვაქცინის მიწოდება უკვე მიმდინარე კვირას განახლდება.
გერმანიის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირს ვაქცინის უფრო მეტი დოზა უნდა შეესყიდა, რომ გარკვეული სახის პრობლემები თავიდან ყოფილიყო აცილებული.
,,ვფიქრობ, ევროკავშირს ვაქცინის უფრო მეტი დოზის შესყიდვაზე უნდა ეზრუნა. ეს რომ მომხდარიყო, ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით. ახლა მოგვიწევს, ამ შეზღუდული რაოდენობით დავკმაყოფილდეთ. მე დღეს დილით ვესაუბრე კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელობას. ისინი ამტკიცებენ, რომ, შეთანხმების მიხედვით, კომპანია „ფაიზერი“ ვალდებულია, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მიაწოდოს ავსტრიას ვაქცინის 900 ათასი დოზა და რომ კომპანია ამ ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს’’ – აცხადებს ტომას სეკერესი, გერმანიის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუკზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ისინი მიიღებენ სამართლებრივ ზომებს კომპანიების „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ, თუ კომპანიები ვაქცინების დროულად მიწოდებასა და დოზების რაოდენობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ მათთვის გამოყოფილი რაოდენობა შემცირდება, მაშინ იტალია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვაქცინის 8 მილიონი დოზის ნაცვლად მხოლოდ 3.4 მიიღებს.
ბელგიაში, ქალაქ პუურსში, მდებარე „ბიოენტეკის“ საწარმოდან მიწოდებული ვაქცინების რაოდენობა დროებით შემცირდა. კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი ცდილობენ წარმოების გაფართოებას, რათა წლის ბოლომდე უზრუნველყონ ვაქცინის 2 მილიარდი დოზის დამზადება.