მთავარი კულტურა საფრანგეთში წიგნების მაღაზია გაიხსნა, სადაც დიდი ფორმატითა და სპეციალური შრიფტით დაბეჭდილი ლიტერატურა...

საფრანგეთში წიგნების მაღაზია გაიხსნა, სადაც დიდი ფორმატითა და სპეციალური შრიფტით დაბეჭდილი ლიტერატურა იყიდება

საფრანგეთში წიგნების ახალი მაღაზია გაიხსნა, სადაც დიდი ფორმატითა და სპეციალური შრიფტით დაბეჭდილი ლიტერატურა იყიდება. ეს წიგნები მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, და ემსახურება იმას, რომ მსგავსი პრობლემის მქონე მკითხველს რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს კითხვის დროს. სტანდარტული გამოცემებისგან  ასეთი წიგნის ფურცლებიც კი განსხვავდება იმისთვის, რომ ტექსტი მაქსიმალურად თვალსაჩინო იყოს და მის აღსაქმელად მკითხველს მხედველობის დაძაბვა არ მოუხდეს.

დიდი ფორმატის წიგნები საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. თუმცა, მას ძირითადად მხედველობადაქვეითებული ადამიანები იყენებენ.

დროთა განმავლობაში ასეთ წიგნებზე მოთხოვნა იზრდება. ცოტა ხნის წინ ორმა ფრანგულმა გამომცემლობამ გახსნა წიგნების მაღაზია, რომელშიც მომხმარებელი უჩველო და სპეციფიკური ფორმატის წიგნების შეძენას შეძლებს.

„არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან უყვართ კითხვა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო მათ ეს სიამოვნება მოაკლდათ. მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ არსებობს გამოსავალი. ეს არის წიგნები, რომელთა ქაღალდიც სპეციალურად არის შერჩეული. ფურცელი არ არის ძალიან თხელი, არც პრიალა, შრიფტი კი საკმაოდ მუქია და კარგად ჩანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“ – ამბობს გამომცემელი აგნეს ბინსტოკი.

ასეთი წიგნები მცირე ტირაჟით იბეჭდება. ყველა გამომცემლობას არ აქვს ამის რესურსი, ვინაიდან ასეთ ვერსიებს საკმაოდ მცირე მომხმარებელი ჰყავს და თან ჩვეულებრივზე უფრო ძვირიც ჯდება.

თუმცა ეს წიგნები ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი მხედველობადაქვეითებულებს, გამოადგება

„ხალხი, რომელსაც გადატანილი აქვს ინსულტი და კიდევ სხვა ბევრი დაავადება, რეაბილიტაციისათვის უფრო მარტივად იყენებს მსხვილი შრიფტით დაბეჭდილ წიგნებს. ამიტომაც არსებობს ეს მაღაზია. მათ აქვთ შესაძლებლობა,  მოვიდნენ და შეამოწმონ, შეუძლიათ თუ არა ამ წიგნის წაკითხვა.“ – განუცხადა “ევრონიუსს დიდი ფორმატის წიგნების გამომცემელმა მეთიუ რონდემ.

ის ნაწარმოებები, რომლებიც დიდი ფორმატის წიგნების მაღაზიაშია ხელმისაწვდომი, სპეციალური შრიფტით არის დაწერილი, რომელიც მხედველობადაქვეითებული ხალხისათვის შეიქმნა.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები