მთავარი კულტურა ქართული ფილმები HBO GO-სა და Netflix-ს დაემატა

ქართული ფილმები HBO GO-სა და Netflix-ს დაემატა

პოპულალურ სტრიმინგსერვისებს HBO GO-სა და Netflix-ს ქართველი რეჟისორების ფილმები დაემატა. დიტო ცინცაძის ფილმის „შინდისის“ ხილვა HBO GO-ზეა შესაძლებელი, ხოლო რეზო გაბრიაძის „ჰარი ჰარალე დედაო“ Netflix-ზე არის ხელმისაწვდომი.

კოვიდ-19-ის პანდემიამ ყველა სფეროზე უარყოფითად იმოქმედა, მათ შორის კინოინდუსტრიაზე. ფილმების წარმოება შეჩერდა, კინოთეატრები დაიკეტა. თუმცა, 2021 წელი ქართული კინოინდუსტრიისთვის მაინც სასიამოვნოდ დაიწყო. პოპულალურ სტრიმინგსერვისს ქართველი რეჟისორების ფილმები დაემატა.

დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“ ამერიკული ტელეარხის HBO-ის მიერ შექმნილი სტრიმინგსერვის HBO GO-ს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ეს პირველი ქართული ფილმია, რომელიც HBO GO-ზე განთავსდა. ეს არის ონლაინ პლატფორმა სადაც მრავალი ფილმი და სერიალია თავმოყრილი.

2019 წელს გადაღებული ფილმი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. საერთაშორისო აღიარება ფილმმა და მისმა რეჟისორმა ფილმის გამოსვლიდან მალევე მოიპოვა. დიტო ცინცაძემ ვარშავის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო, ხოლო ფილმს გრანპრი გადაეცა. 2019 წელს კი „შინდისი“ ოსკარზე საქართველოს სახელით იყო წარდგენილი. თუმცა საუკეთესო ხუთეულში ადგილი ვერ დაიკავა.

იანვრის დასაწყისიდან კი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სტრიმინგ სერვისზე, Netflix-ზე ქართველი რეჟისორის რეზო გაბრიაძის ანიმაციური ფილმი “ჰარი-ჰარალე დედაოს” ნახვა არის შესაძლებელი.

ავტობიოგრაფიული ფილმის სცენარისტი და მხატვარი თავად რეზო გაბრიაძეა, ხოლო რეჟისორი – მისი შვილი ლევან გაბრიაძე. მოქმედება ომის შემდგომ   ქუთაისში ვითარდება, სადაც პატარა რეზო იმდროინდელ ყოფას დეტალურად აღწერს. ფილმი ოსკარზე რუსეთის სახელით იყო წარდგენილი, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოხვდა.

Netflix-ზე კიდევ ორი ქართული ფილმის ნახვაა შესაძლებელი. თამთა გაბრიჩიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სოვდაგარი” დოკუმენტური ფილმების სექციაშია განთავსებული. ფილმის მთავარი პერსონაჟი ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან საქონლით იმ ადგილებში ვაჭრობს, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.

პირველი ქართული ფილმი, რომელის ხილვაც Netflix-ზე გახდა შესაძლებელი, ნანა ექვთიმიშვილის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” იყო. ფილმის სიუჟეტი ოჯახურ გარშემოში ვითარდება, თუმცა მთავარი პერსონაჟი მანანა ერთ დღეს ცხოვრების რადიკალურად შეცვლას მოინდომებს. ფილმი პოპულალურ პლატფორმა ნეტფლიქსზე, რომელსაც 170 მილიონი გამომწერი ჰყავს, 2017 წელს გამოჩნდა.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები