მთავარი COVID-19 ევროკავშირის სამიტზე ვაქცინაციის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ევროკავშირის სამიტზე ვაქცინაციის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სამიტზე ევროპის ქვეყნების საზღვრებთან კონტროლის გამკაცრების გეგმა განიხილეს, რომლის მიზანი ევროპაში  ვირუსის გავრცელების შეჩერებაა. ევროპის ქვეყნებში ჩასვლისას სავალდებულოა  პისიარ ტესტის პასუხის წარდგენა და კარანტინის გავლა. ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები.

ხუთშაბათს გამართული ევროკავშირის სამიტი ქვეყნებს შორის გარკვეული კონსენსუსის მიღწევით დასრულდა. ეს შეთანხმება ახლო მომავალში საზღვრებზე კოვიდ-19-ის პირველი ტალღის დროს მომხდარი ქაოსის თავიდან აცილებას ეხებოდა. ევროკავშირის მიზანია, გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება წევრ ქვეყნებს შორის ისე, რომ არ შეფერხდეს შენგენის ზონის სისტემა.

მოსალოდნელია, რომ მომავალ დღეებში ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ წევრ ქვეყანაში იქნება სავალდებულო ქვეყანაში ჩასვლისას პისიარ ტესტის წარდგენა და კარანტინის გავლა.

პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე უსაფრთხოების დამატებით ზომებზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა

,,ჯანდაცვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა შეიზღუდოს მოგზაურობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებზეც. ამავე დროს აუცილებელია, შევინარჩუნოთ ერთიანი ბაზრის ფუნქციონირების სისტემა. შესაბამისად,  მნიშვნელოვან ბიზნესებში დასაქმებულებისთვის და წარმოებული პროდუქციისათვის საზღვრების გადაკვეთა შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო საზღვრებს, ამასთან დაკავშირებით, ვაპირებთ, მივიღოთ უსაფრთხოების დამატებითი ზომები’’ -განაცხადა ევროკომიის პრეზიდენტმა

ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთი ლიდერის განცხადებით,  ფარმაცევტული კომპანიები შეფერხებით მუშაობენ და დროულად არ აწვდიან ვაქცინას მათ ქვეყნებს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელმა ყურადღება გაამხავილა ვაქცინაციის ლოჯისტიკურ პრობლმებზე და განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესს გულმოდგინეთ დაკვიდება.

,,ლიდერებს სურთ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და ამიტომ კომპანიებმა ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ვაქცინები ყველა ქვეყანამ ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღოს და გადანაწილდეს ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ასევე კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გულმოდგინედ დაკვირვება და მისი ეფექტიანობის შეფასება. ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ქვეყნებს ვაქცინები სწრაფად მიეწოდოს და არ შეფერხდეს’’ – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცირე ჯგუფმა წარმოადგინა წინადადება, რომ ვირუსზე აცრილი მოქალაქეებისათვის გამარტივდეს მოგზაურობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული  შეზღუდვები. მათი აზრით, ამ ინიციატივას შეუძლია, დააჩქაროს ეკონომიკური აღდგენის პროცესი. თუმცა, კრიტიკოსების აზრით, მსგავსი სახის გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა დისკრიმინაციული შედეგები მოჰყვეს.

უახლესი

სხვა ამბები