მთავარი ამბები საქართველომ რუსეთს სტრასბურგში დავა მოუგო

საქართველომ რუსეთს სტრასბურგში დავა მოუგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად ცნო საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომის საქმეზე.

ეს ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 იანვარს გაავრცელა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადების მიხედვით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე  მუხლი დაარღვია.

სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

„ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:

  • სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
  • საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
  • მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
  • 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორცსაქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით).

საქმეზე არსებითი მხარის განხილვა 2013 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო. ამ თარიღიდან მოყოლებული  დღემდე სასამართლომ კომპლექსურად შეისწავლა სხვადასხვა წყაროებში დაცული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია.

შესწავლილი მასალის ხარისხის შეფასების შედეგად, საქართველოს მხარემ  შეარჩია და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული “ისკანდერის” ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და მრავალი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.

საქართველომ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და იგი სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას.

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები