მთავარიმსოფლიოპრეზიდენტობის პირველი დღე - ჯო ბაიდენმა მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერა ხელი

პრეზიდენტობის პირველი დღე – ჯო ბაიდენმა მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერა ხელი

აშშ 46-ე პრეზიდენტი უკვე შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლებიც მიგრაციას, რასობრივ თანასწორობას, კორონავირუსის პანდემიასა და კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები დაუბრუნდა პარიზის კლიმატის შეთანხმებას.

,, მესამე დოკუმენტი, რომელსაც ხელი თქვენი თანდასწრებით უნდა მოვაწერო,  ახლა აქ  არის. ეს ის არის, რასაც მე თქვენ არჩევნების პერიოდში დაგპირდით. დღეიდან ჩვენ კვლავ ვუერთდებით პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის ცვლილებების შესახებ. იანვრის ამ დღეს ჩემი სურვილია, გავაერთიანო ამერიკა, გავაერთიანო ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი, და მე ვთხოვ ყველა ამერიკელს, შემომიერთდეს, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით აშშ-მა მნიშვნელოვანი ტესტი გაიარა და ამ ტესტიდან უფრო ძლიერი გამოვიდა. ჩვენ განვაახლებთ ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან და აქტიურად ჩავებმებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში’’ – განაცხდა ჯო ბაიდენმა.

ინაუგურაციის ცერემონიის მეორე ვარსკვლავი კამალა ჰარისი იყო – იგი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი, აზიელი ამერიკელია, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

კამალა ჰარისის მხარდაჭერით ბაიდენი თავისი ყველაზე ამბიციური საიმიგრაციო პროექტის განხორციელებას აპირებს. იგეგმება მიმდინარე წლის 1 იანვრამდე აშშ-ის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ემიგრანტებისათვის ლეგალური სტატუსის მინიჭება და ცოტა მოგვიანებით მათთვის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის მიცემაც. ვარაუდობენ, რომ ეს ინიციატივა დაახლოებით 11 მილიონამდე ადამიანს შეეხება .

ინაუგურაციის ცერემონიას აშშ-ის რამდენიმე ყოფილი პრეზიდენტი დაესწრო.

ახალი პრეზიდენტისათვის მმართველობის პირველი 100 დღე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბაიდენს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. მისი, როგორც მთავარსარდლის, პირველი მიმართვა მარტივი და გასაგები იყო: ,,ერთიანობა არის გზა წინსვლისაკენ’’.

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend