ავტორი: ანეტ მიქელაძე
პოლიციამ პენსილვანიის შტატში მცხოვრები 22 წლის რაილი უილიამსი დააკავა, რომელიც კაპიტოლიუმში შეჭრაში მონაწილეობდა. მას წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის კაბინეტიდან ნოუტბუკის მოპარვაში სდებენ ბრალს.
უილიამსს ჯერჯერობით ბრალი კაპიტოლიუმში უკანონო შეჭრის გამო აქვს წაყენებული, თუმცა შესაძლოა, მისი საქმე უფრო დამძიმდეს. 2 დღის წინ, სპიკერის აპარატის უფროსის მოადგილემ დრიუ ჰემილმა ტვიტერზე დაწერა, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, მისი უფროსის ოფისიდან მოიპარეს ნოუტბუკი, რომელსაც პრეზენტაციებისთვის იყენებდნენ.
ტელეკომპანია „აიტივის“ კადრებში ჩანს ქალი, რომელიც ძალიან ჰგავს რაილი უილიამს. იგი მოუწოდებს სხვებს, ავიდნენ მეორე სართულზე, რომელზეც სწორედ ნენსი პელოსის ოფისია.
FBI is investigating claims a pro-Trump supporter involved in the Capitol siege – and identified by ITV News – tried to sell a stolen computer to Russia, Global Security Editor @RohitKachrooITV
has learned https://t.co/e71166PDBG— ITV News (@itvnews) January 18, 2021
ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომელმა ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ უილიამსი მისი ყოფილი შეყვარებულის დახმარებით იპოვეს. ის აცხადებდა, რომ ბრალდებული ნენსი პელოსის კომპიუტერის მოსაპარად ჩავიდა ვაშინგტონში. მას ნოუტბუკი იმ რუსი ნაცნობისთვის უნდა გადაეცა, რომელიც რუსულ დაზვერვასთან არის დაკავშირებული.
კომპიუტერს ახლაც ეძებენ – ჯერ არ არის ცნობილი, უკვე გადასცა უილიამსმა კომპიუტერი თავის ნაცნობს, თუ ჯერ ისევ მასთან ინახება. FBI ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.
რაილი უილიამსის საქმე ერთ-ერთია იმათგან, რომელთა გამოძიებაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დაიწყეს, როდესაც სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრები არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ადასტურებდნენ.
20 იანვარს ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები როგორც ქუჩებში, ასევე ინტერნეტპლატფორმებზე, რათა რადიკალურმა ჯგუფებმა კოორდინირება ვერ მოახერხონ.