მთავარიმსოფლიოტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა თეთრი სახლის მომავალ ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს

ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა თეთრი სახლის მომავალ ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს

ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამერიკის ისტორიის ბოლო 150 წლის განმავლობაში, ტრამპი პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელმაც უარი თქვა დაესწროს მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციას.  პრეზიდენტობის ბოლო დღეს დონალდ ტრამპმა პატიმართა შეწყალების საკითხები განიხილა. მან გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც, ბევრის გასაკვირად, არჩეულ პრეზიდენტსა და მის გუნდს წარმატება უსურვა. ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვარს გახდა.ეს მისი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეა.

დონალდ ტრამპმა თავისი საქმიანობა გამოსამშვიდობებელი ვიდეოთი დაასრულა.

ბევრს გაუკვირდა, რომ მან  ვიდეომიმართვაში არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახსენა და წარმატებები უსურვა.

„მე თქვენ წინ ვდგავარ და ნამდვილად ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რის გასაკეთებლადაც მოვედით და კიდევ სხვა ბევრი რამ. ამ კვირას ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციაა და ვლოცულობთ, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ ამერიკის უსაფრთხო და წარმატებული მდგომარეობის შენარჩუნებაში. საუკეთესო სურვილებით, მათ იღბალს ვუსურვებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა… მე ვიბრძოდი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისათვის,  ჩვენი ქვეყნისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვიბრძოდი ამერიკისათვის და იმ პრინციპებისათვის, რომლებზეც ის დგას. იგი თავისუფალი, ძლიერი და ამაყი ქვეყანაა. ახლა, როდესაც ხელისუფლებას ახალი ადმინისტრაცია გადაიბარებს, მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ მიერ დაწყებული მოძრაობა აუცილებლად გაგრძელდება,“ – ამბობს ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპი.

ტრადიციულად, როგორც წინამორბედ პრეზიდენტებს სჩვევიათ, დონალდ ტრამპი ოფისში გატარებულ უკანასკნელ საათებს პატიმრების შეწყალების საკითხს დაუთმობს.

იგი ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ორჯერ წაუყენეს იმპიჩმენტის მოთხოვნა. მას ერთ დროს ყველაზე ერთგული კაცი, რესპუბლიკელი მიჩ მაკკონელიც განუდგა.

„ჩვენ ახლახან დავიბრუნეთ კაპიტოლიუმის შენობა მოძალადე კრიმინალებისაგან, რომლებიც ცდილობდნენ, მოვალეობის შესრულებაში ჩვენთვის ხელი შეეშალათ. ბრბომ ტყუილები დაიჯერა. მათ  პრეზიდენტი და სხვა ძლიერი ადამიანები აქეზებდნენ,“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა.

ტრამპი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ. იგი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. იგი მიფრინავს ფლორიდაში. 1869 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  პრეზიდენტი არ დაესწრება მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.   1869 წელს ენდრიუ ჯონსონმა უარი განაცხადა ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend