ავტორი: ნინი ჯალაბაძე
ფიცის დადების შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი გახდება. ინაუგურაციის ცერემონია, 6 იანვრის მოვლენებისა და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩაივლის. თეთრი სახლის გარშემო ეროვნული გვარდია იქნება მობილიზებული. უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს სხვა შტატებშიც.
ვაშინგტონში კაპიტოლიუმის არეულობების შემდეგ, მკაცრი უსაფრთხოების ნორმებია დაცული. თეთრი სახლის გარშემო ათასობით ჯარისკაცი განალაგეს და ლითონის ღობეები აღმართეს.
უსაფრთხოების ნორმები იმდენად გამკაცრებულია, რომ ფედერალურმა ბიურომ ეროვნული გვარდიის 25 ათასი მოსამსახურე შეამოწმა, ხომ არ ჰქონდათ კავშირი მემარჯვენე ჯგუფებთან. როგორც გაირკვა, 12 მათგანი ამ ჯგუფებთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა.
ვაშინგტონის მცხოვრებთათვის ასეთი მკაცრი უსაფრთხოების ნორმები უჩვეულოა:
“ეს ნამდვილად ძალიან უცნაურია. ამ ქალაქშ არასოდეს ყოფილა ამდენი სამხედრო და პოლიციელი. ჩვენ გვესმის, მაგრამ ეს ძალიან უცნაურია და დიახ, ცოტათი დისტოპიურ ჟანრს მოგაგონებს,”- ამბობს იორკი.
ჯეინის თქმით კი, ეს ყველაფერი სასაცილოა:
„ეს სასაცილოა, ჰო. ეს სასაცილოა, ან საშინელი. … მახსოვს, ჩემს ქმარს ვუთხარი:” მგონი, მათ მწვანე ზონა ექნებათ, როგორც ერაყში “და მეორე დღეს მათ განაცხადეს, რომ მწვანე ზონა შექმნეს. ”
ნაციონალურ მოლში დამსწრე საზოგადოების რაოდენობა, ვინც ჯო ბაიდენის ფიცის დადებას დაესწრება, შეზღუდული იქნება.
კაპიტოლიუმის დარბევისა და კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ ბაიდენის გუნდი აიძულა, მხარდამჭერებისთვის სახლში დარჩენა ეთხოვა. ცერემონია ბოლო დროს ჩატარებული სპორტული მატჩების მსგავსად ჩაივლის – სკამებზე გულშემატკივრები არ ისხდებიან.