მთავარი საქართველო როგორ იმოქმედა პანდემიამ მუსიკალურ სფეროზე

როგორ იმოქმედა პანდემიამ მუსიკალურ სფეროზე

ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ პანდემიამ მუსიკის სფერო კულტურის სხვა დარგებთან შედარებით ნაკლებად დააზიანა, ვინაიდან მუსიკოსებს შეუძლიათ სახლიდან თუ სტუდიიდან განაგრძონ მუშაობა, თუმცა ეს ასე არ არის. მუსიკოსთა უმრავლესობა, განსაკუთრებით საქართველოში, კონცერტებზე არის დამოკიდებული.

„პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა მუსიკოსების ცხოვრებაში, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ცოცხლად შესრულების საშუალება არ გვაქვს. ეს კი მუსიკის დიდი ნაწილია. 21-ე საუკუნეში ნაკლები მოთხოვნაა ფირფიტებსა თუ დისკებზე, ამიტომ შემოსავლის მთავარი წყარო ცოცხალი შესრულებაა“, – ამბობს მუსიკოსი ტატო რუსია.

პანდემიის დადებითი მხარეც შეიძლება ჰქონდეს – ეს არის მეტი თავისუფალი დრო სწავლისა თუ განვითარებისათვის. თუმცა, იქ, სადაც მუშაობისთვის ერთობლივი შეკრებაა საჭირო, სიფრთხილეც აუცილებელია, რომ ერთმანეთი არ დააინფიცირონ. შესაბამისად, შეხვედრები ხშირად ვერ ხერხდება.

„მდგომარეობა ძალიან რთულია. ეს ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა და არ არსებობს არანაირი გეგმა. არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთონ ამ ადამიანებმა, თითქოს არც არსებობენ“, – ამბობს მუსიკოსი აჩიკო გულედანი.

მისი აზრით, ბევრი მუსიკალურ ფესტივალს ისე უყურებს, როგორც გართობას. თუმცა მუსიკოსს ასე არ მიაჩნია.  გარდა გართობისა, ეს არის კულტურული სივრცე, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ეძლევათ.

„ზაფხულში, როდესაც ღონისძიებების ჩატარების უფლება გვქონდა, მოვიდნენ შესამოწმებლად და დიდხანს ადგენდნენ, გასართობი ღონისძიება იყო ეს თუ კულტურული. ცისფერ მთებში ცხოვრებაც გვიწევს, გაუგებარია, ვინ სად არის, რას, ან რატომ აკეთებს. ფაქტია, რომ ეს სფერო, და არა მარტო ეს სფერო, სრულიად დაუგეგმავია“, – გვეუბნება აჩიკო გულედანი.

მუსიკალური ფესტივალებისა თუ კონცერტების შეჩერება როგორც მუსიკოსებზე, ისე მაყურებელზეც უარყოფითად აისახა. მუსიკოსებმა თავიანთი ჰობი და პროფესია დაკარგეს. მსმენელთათვის კი ეს ფესტივალები ერთგვარი განტვირთვა და ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება იყო. თუმცა, მუსიკოსები იმედოვნებენ, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდებიან.

 

ავტორი: კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები