მთავარი საქართველო ომბუდსმენი მთავრობას კრიმინალური ავტორიტეტებით მართვის მოდელის გაუქმებას სთხოვს

ომბუდსმენი მთავრობას კრიმინალური ავტორიტეტებით მართვის მოდელის გაუქმებას სთხოვს

სახალხო დამცველი  იუსტიციის მინისტრს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და რამდენიმე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სთხოვს. ომბუდსმენი მიზეზად მისი აპარატის თანამშრომლებზე პატიმრების გარკვეული ჯგუფის მხრიდან სისტემატურ სიტყვიერ აგრესიას ასახელებს. მისი აზრით, ციხეებში გავრცელებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებით მართვის მოდელი და ეს უნდა შეიცვალოს.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 20 იანვარს მედიას განუცხადა, რომ  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისა და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს ხშირად  ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რისი მიზანიც მათი საქმიანობის ხელის შეშლაა.

“ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა: 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ 19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით,“ – განაცხადა ომბუდსმენმა.

ლომჯარიამ აგრესიული თავდასხმების  საკმაოდ ვრცელი სია წარმოადგინა:

2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა.

„N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ“, – დააზუსტა ლომჯარიამ.

რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, რადგან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“.

ომბუდსმენის თვლის, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე. ამიტომ მისი აზრით, პრევენციული მონიტორინგის ვიზიტები მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში უნდა შედგეს. ეს კი  დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. თუმცა ომბუდსმენის აპარატი პატიმრებთან  ინდივიდუალურ შეხვედრების შეწყვეტას არ აპირებს..

ლომჯარიას მოსაზრებით, ციხეებში შეიმჩნევა ე.წ. ქურდული ავტორიტეტების გავლენა, რის გამოც პატიმრების საჩივრებმა წლიდან წლამდე იკლო და პატიმრების პრობლემები ჩრდილში რჩება.

„მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მცირდება იქიდან შემოსული მომართვები და განცხადებები. 2020 წელს შემოსული საერთო 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა და პატიმართა უამრავი პრობლემა სამწუხაროდ არ ხმაურდება,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

თუმცა, მისი აზრით,  სხვა ციხეებში ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოვლენილი დარღვევების ზოგადი აღწერაც კარგად წარმოაჩენს იმ პრობლემის მასშტაბებს, რომელსაც პატიმრები ყოველდღიურობაში აწყდებიან და რის გამოც მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის  პროაქტიული მუშაობა ნახევრად ღია დაწესებულებებში.

„ ვავლენთ პატიმართა მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებს და მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს ეფექტიანი გამოძიების წარმართვის მიზნით, შემდეგ კი ვახდენთ საქმისა და პატიმრის უსაფრთხოების მონიტორინგს; ვეხმარებით პატიმრებს თვეობით და წლობით გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურებების მიღებაში; ვსაუბრობთ დეესკალაციის ოთახებში კვირების განმავლობაში მოთავსების უკანონო და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკაზე, ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე; ვსაუბრობთ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ხარვეზებზე, კომისიის გადაწყვეტილებების არათანამიდმევრულობასა და დაუსაბუთებლობაზე, პატიმრების საზიანოდ გამოთვლილ ვადებზე; ვეხმარებით პატიმრებს ხმა მიაწვდინონ შესაბამის უწყებებს, ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც დაწესებულება „კარგავს“ გასაგზავნ წერილებს, ვეხმარებით პატიმრებს დაიბრუნონ უსაფუძვლოდ ჩამორთმეული ნივთები; ვავლენთ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას უკანონო ფაქტებს, ხოლო პენიტენციურ სისტემაში მყოფი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის პირები, რომელთაც, მაგალითად, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სასტიკი მოპყრობის შიში აქვთ, გარესამყაროს მხოლოდ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან ვიზიტის მეშვეობით უკავშირდებიან“, – ამბობს ომბუსმენი.

ლომჯარია საქართველოს მთავრობას სთხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და შეცვალოს კრიმინალური ავტორიტეტებით მართვის მოდელი.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი; საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის; საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი