მთავარიმსოფლიოპოლიტიკური კრიზისი იტალიაში

პოლიტიკური კრიზისი იტალიაში

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს  პარლამენტის ზედა პალატაში კენჭს უყრიან. უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

პრემიერ-მინისტრს ქვედა პალატაში ნდობა  აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოუცხადა. იტალიაში პოლიტიკური კრიზისი კოვიდ-19-ის პანდემიას მოჰყვა. კონტეს განცხადებით, ქვეყანაში ახლა პოლიტიკური დაპირისპირების დრო არ არის და ყველა რესურსი პანდემიასთან ბრძოლას უნდა მოხმარდეს.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მიზანი პარლამენტის ზედა პალატაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვებაა. 18 იანვარს მისი გამოსვლა ერთგვარი ბოლო მოწოდება იყო, რომ ის პარლამენტარები გადაებირებინა, რომლებსაც ჯერ გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული.

მან ლიბერალ და პროევროპელ პარლამენტარებს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტი პანდემიასთან გამკლავებაა.

 „ჩვენი ყველა რესურსი კრიზისიდან გამოსვლას უნდა მოვახმაროთ. ხალხს, რომელიც ამ გასაჭირისას ჩვენ შემოგვყურებს, ჰგონია, რომ ჩვენ ენერგიასა და რესურსს ტყუილად, უაზრო დავაზე ვხარჯავთ. ისინი, ვინც კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ვერც კი ხვდებიან, ჩვენ რაზე ვკამათობთ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტალია ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც კოვიდ-19-მა დიდი დარტყმა მიაყენა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისი გადალახა, იტალიელ მოსახლეობას, პოლიტიკური დაპირისპირებების გამო, მოთმინება ამოეწურა.

„მართლაც გასაოცარია. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება პოლიტიკური კრიზისი“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. „ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს. მათ შეეძლოთ,  ეს პოლიტიკური ქაოსი თავიდან აეცილებინათ. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია.“

მეორე მოქალაქე კი მიიჩნევს, რომ ეს ეგოისტი პოლიტიკოსების სულელური თამაშია. „აშკარაა, რომ პოლიტიკოსები მთლიან სურათს ვერ ხედავენ. ქვეყანა არნახული კრიზისის წინაშეა.თითოეულ გადაწყვეტილებაზე დიდი ძალისხმევაა საჭირო“, – ამბობს მოქალაქე.

პრემიერ-მინისტრი კონტე ყველანაირად ცდილობს, რომ თანამდებობიდან არ გადადგეს. მას პარლამენტის ზედა პალატა კენჭს 19 იანვარს უყრიან. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შეინარჩუნებს თუ არა ის თანამდებობას.

პოლიტიკის მკვლევარ ლორენცო კასტელანის მიაჩნია, რომ იტალიის მომავალი მთავრობა შესუსტდება, მიუხედავად იმისა, კონტე აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს თუ მას სხვა პარტიასთან კოალიციის შექმნა მოუწევს. მას შემდეგ, რაც ყოფილი სამართლის პროფესორი  ორი ვადით გახდა პრემიერ-მინისტრი, მან ბევრის გაკეთება მოასწრო. მაგრამ ახლა უფრო მეტი დაბრკოლებაა და მის ყოველ ნაბიჯს ევროკავშირი აკონტროლებს.

„იტალიაში მთავარი საშიშროება ის არის, რომ შეიძლება პოლიტიკური დავების გამო, ის რესურსები ვერ გამოიყენონ, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირისგან მიიღო“, – ამბობს ლორენცო კასტელანი.

ევროკავშირის პანდემიასთან გამკლავების ფონდიდან ყველაზე დიდი დახმარება იტალიამ კრიზისის დასაძლევად მიიღო. მთავრობამ საბოლოო გეგმა დასამტკიცებლად ბრიუსელს  აპრილისთვის უნდა წარუდგინოს. გეგმის ვადაში წარდგენა მნიშვნელოვანია, იქნება ეს ჯუზეპე კონტესთან ერთად, თუ მის გარეშე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend