მთავარიკუბისოციალური ქსელები აშშ-ში ინაუგურაციისთვის ემზადებიან - მომხმარებლებისთვის წესები მკაცრდება

სოციალური ქსელები აშშ-ში ინაუგურაციისთვის ემზადებიან – მომხმარებლებისთვის წესები მკაცრდება

 

მესენჯერ „ტელეგრამის“ დამფუძნებელმა პაველ დუროვმა თავის ოფიციალურ ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას ადმინისტრატორებმა დაბლოკეს ასობით ანგარიში, რომელთა მფლობელებიც საზოგადოებას ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

დუროვმა აღნიშნა, რომ „ტელეგრამი“ მიესალმება მშვიდობიან დებატებსა და პროტესტს, თუმცა ყოველთვის იყო ძალადობის წინააღმდეგი და ბლოკავდა ისეთ მოწოდებებს, რომლებიც პლატფორმის წესებს არღვევდა. მისი თქმით, „ტელეგრამის“ გუნდი აგრძელებს მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამუშავებას, რაშიც თავად მომხმარებლები ეხმარებიან და უგზავნიან ადმინისტრაციას შესაბამის შეტყობინებას ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ დუროვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაკომერციული ორგანიზაცია Coalition for a Safer Web-ის სარჩელი კომპანია Apple-ის წინააღმდეგ. ისინი Appe Store-დან, ანუ ონლაინმაღაზიიდან, აპლიკაცია „ტელეგრამის“ წაშლას მოითხოვენ. ორგანიზაციის ცნობით, „ტელეგრამზე“ უკვე წლებია, ვრცელდება ანტისემიტური, რასისტული და ნეონაცისტური შინაარსის განცხადებები. პაველ დუროვს ამ სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე სოციალურმა ქსელმა, როგორც „ტვიტერმა“, ასევე „ფეისბუკმა“, დაბლოკა დონალდ ტრამპის ანგარიშები პლატფორმაზე. ისინი ამჟამად აქტიურ მონიტორინგს უწევენ მიმდინარე პროცესებს, რადგან არსებობს იმის საშიშროება, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში დაიწყება არეულობა, სოციალური ქსელები კი არ მისცემენ სხვადასხვა დაჯგუფებას კოორდინირების საშუალებას.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ანგარიში წაშალეს, ტრამპის მხარდამჭერებმა გადაინაცვლეს სოციალურ ქსელ „პარლერზე​​“, რომელიც Apple-ისა და Google-ის ხელმძღვანელებმა თავიანთი აპლიკაციების ონლაინმაღაზიებიდან წაშალეს. ტრამპის მხარდამჭერებს კი, რომლებსაც რადიკალური შეხედულებები აქვთ, წვდომა მხოლოდ მესენჯერ „ტელეგრამზე“ აქვთ, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

რაც შეეხება ფეისბუკს, მისი ადმინისტრაცია დაბლოკავს ყველა ღონისძიებას, რომლებიც ფეისბუკში ინაუგურაციის დღეს კაპიტოლიუმის მახლობლად დაიგეგმება. ასევე დაიბლოკება ის მომხმარებელი, რომელიც ბევრჯერ გააფრთხილეს, რომ ძალადობის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. გარდა ამისა, ფეისბუკში დროებით აღარ გამოჩნდება სამხედრო ტექნიკისა და იარაღის აქსესუარების რეკლამა.

 

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend