მთავარისაქართველოსაქართველოში კოვიდგადატანილ პაციენტებს გამოიკვლევენ

საქართველოში კოვიდგადატანილ პაციენტებს გამოიკვლევენ

საქართველოში იმ პაციენტების კვლევა იგეგმება, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს. კვლევაში ის პაციენტები ჩაერთვებიან, რომლებმაც მკურნალობის კურსი სავაადმყოფოებში გაიარეს.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ იმ 500 კოვიდგადატანილ პაციენტს გამოიკვლევენ, რომლებიც კორონავირუსს კლინიკებში მკურნალობდნენ.

ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევა, სავარაუდოდ თებერვლის დასაწყისში იგეგმება. კვლევა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კოვიდის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოებს ბევრმა პაციენტმა მიმართა.

„კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინადრომი,“ –  განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, გახანგრძლივებული კოვიდი ის შემთხვევაა, როდესაც გარკვეული სიმპტომები (მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება,  სუფებრილური ტემპერატურა და სხვა) კოვიდისაგან განკურნების შემდეგაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცერცვაძის მიხედვით, პოსტკოვიდურ სინდრომს ისეთ შემთხვევებს უწოდებენ, როდესაც  პაციენტს ყველა სიმპტომი გაუვლის, მაგრამ, ერთი-ორი თვის შემდეგ გარკვეული სიმპტომები (მაგალითად სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულის მოვლენები, უძილობა, დეპრესია, შფოთი და სხვა) ისევ ბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა, ზუსტი სურათის მისაღებად, სრულყოფილი კლინიკური კვლევის ჩატარება გადაწყდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაიდება დასკვნა იმის შესახებ, პაციენტების რა პროცენტს შეიძლება განუვითარდეთ პოსტკოვიდური სინდრომი. კვლევის მონაწილე პაციენტებს კიდევ ორი კვლევა ჩაუტარდებათ: პირველი კვლევის დასრულდებიდან   ერთი და შემდეგ სამი თვის შემდეგ.

„პირველ გამოკვლევას დაახლოებით ერთ თვეში დავასრულებთ. ასე ვვარაუდობთ. კვლევისთვის შეირჩევა ყველა პაციენტი, მძიმეც და მსუბუქიც და ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ კლინიკიდან გაწერილი პაციენტები. ამ კვლევის შედეგად გაირკვევა არა მხოლოს ის, რამდენს ჰქონდა პოსტკოვიდური სინდრომი და რა ნიშნები ჰქონდათ, არამედ რამდენ ხანს გაუგრძელდათ. ერთ და სამ თვეში გაუარა თუ არ გაუარა, ან გარდაიცვალა. ამის გარდა, დადგინდება, ეს პოსტკოვიდური სინდრომი არის ფუნქციური –  ანუ ორგანოები არ არის დაზიანებული და უბრალოდ ჩივილებია, თუ ამ ჩივილებს საფუძვლად ორგანოების დაზიანება უდევს“, – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

მისი ინფორმაციით, ზუსტი შედეგების დადების შემდეგ, შედგება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებს საშუალება ექნებათ, მიმართონ კოვიდკლინიკებს და  გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ.

„ამიტომაა საჭირო ამ კვლევის ჩატარება, რომ ვიცოდეთ რაზე შევადგინოთ პროგრამა, რამდენ კაცს ველოდოთ და მათ რა გამოკვლევები დასჭირდებათ”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბრიტანელი მეცნიერების ბოლო კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა. მათგან, საშუალოდ, ყოველი მეათე გარდაიცვალა. კვლევის ავტორების მოსაზრებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend