საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი ხუთ თვეში ორი ათასზე მეტმა უცხოეთის მოქალაქემ გამოთქვა. მსურველები 90 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.
პროექტში „იმუშავე საქართველოდან” ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.
მთავრობის ინციატივით დაწყებული პროექტი პანდემიის დროს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას. პროექტის კრიტერიუმების მიხედვით, მასში ჩართვა შეუძლიათ უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი 2 000 აშშ დოლარზე მეტია და საქართველოში სულ მცირე ექვსი თვე დარჩებიან.
ამ პროექტის საშუალებით, მთავრობა ისეთი საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას გეგმავს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს საქართველოს ეკონომიკაში დახარჯავენ. პროექტის მონაწილეები ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან.
განაცხადების ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 ტურისტი. საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, ისინი საქართველოში 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი, საშუალოდ, 6-თვიან პერიოდში 26 მილიონი აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.
უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს, 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% – მეწარმეა.
„იმუშავე საქართველოდან” პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედიაპლატფორმები. პროექტის შესახებ სტატიები მოამზადეს New York Times-მა, Forbes-მა, Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა.