მთავარი ევროპა პოლონეთი პოლონეთის მთავრობის განცხადებით, 2049 წლისთვის ქვეყანაში ყველა მაღარო დაიხურება

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, 2049 წლისთვის ქვეყანაში ყველა მაღარო დაიხურება

ევროკავშირი მოუწოდებს პოლონეთს, რომ ქვანახშირის მოპოვება შეწყვიტოს. პოლონეთში ელექტროენერგიის 55 პროცენტი ქვანახშირის დაწვით გამომუშავდება, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს. პოლონეთის მთავრობის განცხადებით, 2049 წლისთვის ქვეყანაში ყველა მაღარო დაიხურება. თუ რა ელის ამ ინდუსტრიაში დასაქმებულ ასობით ათას ადამიანს, ჯერ კიდევ უცნობია.

პოლონეთის სამხრეთით მდებარე პროვინცია სილესიაში ქვანახშირს შავ ოქროდ მოიხსენიებენ. აქაურმა მაღაროებმა რეგიონის ლანდშაფტსა და კულტურაზე იქონია გავლენა. ევროკავშირში პოლონეთი ქვანახშირის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა. ინდუსტრიაში ნახევარ მილიონამდე ადამიანია დასაქმებული. აქედან 80 ათასი მაღაროელია.

45 წლის მარცინი წიაღისეულის მოპოვებაში 10 წელია, ჩართულია. სხვა დანარჩენი მაღაროელების მსგავსად, იგი მომავალზე ნერვიულობს. პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2049 წლისთვის ქვეყანაში ყველა მაღარო დაიხურება.

„ყველა შეშინებულია. მათ აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას, სანამ პენსიის ასაკს მიაღწევენ. ყველას უნდა, თავი დაცულად იგრძნოს, რათა მომავლის დაგეგმვა შეძლოს. გაუსაძლისია ყოველ წელს იმაზე დარდი, მაღარო დაიხურება თუ არა“, – ამბობს მარცინი.

ევროკავშირი ავალდებულებს პოლონეთს, შეამციროს ქვანახშირის წარმოება. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ წნეხი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ბაიდენი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მომხრეა, ტრამპი კი ქვანახშირის მოპოვებას უჭერდა მხარს.

ბოგულსავ ჰუტეკი, მაღაროების გაერთიანება „სოლიდარნოსის“ თავმჯდომარე

„ჩვენ მოგვწონდა დონალდ ტრამპის განცხადებები ქვანახშირთან დაკავშირებით. თუმცა სულერთია, ვინ იქნება, ტრამპი თუ ბაიდენი, ევროკავშირის დავალებით, 2030 წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა 55 პროცენტით უნდა შევამციროთ, ხოლო 2050-ში კი სრულად შევწყვიტოთ“, – აცხადებს მაღაროების გაერთიანება „სოლიდარნოსის“ თავმჯდომარე ბოგულსავ ჰუტეკი.

პოლონეთის ელექტროენერგიის 75 პროცენტი ქვანახშირის დაწვით გამომუშავდება. ამას კი ჰაერის დაბინძურება და გარემოს განადგურება მოჰყვება.

ევროპის 50 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 33 პოლონეთში მდებარეობს. გარემოს დამცველ აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ჩართულობით ეს შეიცვლება.

„აუცილებელია, რომ პოლონეთმა გარემოს დაცვის ახალი პოლიტიკა შეიმუშაოს, რათა პარიზის შეთანხმებაში დასახულ მიზნებს უფრო მალე მიაღწიოს“, – აცხადებს გარემოს დამცველი აქტივისტი პატრიკ ბიალასი.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების აზრით, პოლონეთის პოლიტიკაში ჩარევას ჯო ბაიდენი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ქვეყნის მმართველ პარტიასთან საერთო ენას გამონახავს. წარსულში იგი პოლონეთის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა.

„ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მეტად კრიტიკული იქნება. თავიდან ისინი დიპლომატიური გზებით ეცდებიან გავლენის მოპოვებას. თუ ეს არ გამოვა, მაშინ პოლონეთის მთავრობაზე წნეხის გაზრდას საჯარო კრიტიკით შეეცდებიან“, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თომას პუგაჩევიჩი.

ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლონეთში ატომური ენერგიის სადგურების აშენება სურს. შესაბამისად, მის ინტერესებშია, რომ პოლონეთმა ქვანახშირის გამოყენება შეწყვიტოს. თუ ევროკავშირის რეგულაციებსაც გავითვალისწინებთ, აშკარა გახდება, რომ პოლონეთის ქვანახშირის ინდუსტრია დასასრულს მიუახლოვდება. მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა ბედი ელის იმ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში არიან დასაქმებული.

მიხო კალანდარიშვილი

უახლესი

სხვა ამბები