მთავარიამბებიმსოფლიო ბანკი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხარს უჭერს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხარს უჭერს

მსოფლიო ბანკი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მთავარ გეგმას  2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის  რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„შესანიშნავი შეხვედრა იყო, ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს,“ –  ასე შეაფსა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო.

სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მთავარ გეგმას – 2024 წლისათვის ევროკავშირის  წევრობაზე ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით.

მსოფლიო ბანკი ისევ გააგრძელებს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას,  მათ შორის რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

მსოფლიო ბანკს საქართველოს მთავრობას დახმარება ვაქცინაციის მიმართულებითაც სურს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე.

მსოფლიო ბანკმა საქართველოში ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორებიცაა: საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სხვა.

პრემიერ-მინისტრი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მზად არიან, რომ 2019-2022 წლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავონ.

შეხვდრაზე პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა და ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის მომდევნო ეტაპიც განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება დაუთმეს მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს.

გიორგი გახარიას მოსაზრებით, პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველომ თავისი  სტრატეგიული ადგილმდებარეობა უნდა გამოიყენოს და პოსტკოვიდურ მსოფლიოში წარმატებას ამ გზით მიაღწიოს.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რაც ინკლუზიური განვითარებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს.

მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მილიარდი აშშ დოლარისაგან შედგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend