მთავარი მსოფლიო ანდერს ფოგ რასმუსენი: ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს

ანდერს ფოგ რასმუსენი: ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩინეთი წარმოადგენს

რამდენიმე საათში ჯო ბაიდენი ფიცს დადებს და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდება. თეთრი სახლის ახალ მეთაურს იმედის თვალით უყურებენ ევროპაში და ფიქრობენ, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის ურთიერთობები ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა რთული დღეები გაიარა. ევროპაში დიდი სიფრთხილით ადევნებდნენ თვალს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, როცა ევროპაში ამერიკული ჯარების განლაგება არაერთხელ შეიცვალა.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ ვითარება ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის შეიცვლება, თუმცა არა დრამატულად.

„ევროპამ არ უნდა ჩათვალოს, რომ ყველაფერი მოგვარდა მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. მაგალითად, ევროპამ მაინც უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ ორი პროცენტი უნდა დახარჯოს. ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს ბაიდენიც“, -აცხადებს რასმუსენი.

ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ ახლა ევროპა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა იგი დარწმუნებულია, ხომ ახლა მთავარ საფრთხეს არა რუსეთი, არამედ ჩინეთი წარმოადგენს.

„ჩინეთი აღზევების პროცესშია.  როცა დღეს ჩვენ ჩინეთის ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, ვხედავთ, როგორ იმაღლებენ ხმას ჩინელი დიპლომატები სხვადასხვა ტრიბუნაზე და ევროპის  ქვეყნებს აკრიტიკებენ. ასევე ვხედავთ, როგორ აშანტაჟებენ კონკრეტულ ქვეყნებს. ევროპა ერთიანი უნდა იყოს მსგავსი გამოწვევების წინაშე”, – განაცხადა რასმუსენმა.

ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ევროპამ მოსკოვზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

„არ უნდა გამოგვრჩეს რუსეთი. რუსეთიც დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ჩვენ უფრო მკაცრად უნდა მოვთხოვოთ რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. პირადად მე მოხარული ვიქნები, თუ პროექტი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ შეწყდება. დიდი ალბათობით, ამ პროექტის შეჩერებას ევროპას აშშ-ც მოსთხოვს“,-აცხადებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ინტერვიუში ევრონიუსთან.

 

ავტორი: ნუკა კეკელია

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი