კოვიდრეანიმაციის უფროსი ექთანი, 53 წლის მაია ხარაძე მეოთხე თვეა, კოლეგებთან ერთად პანდემიას ებრძვის. ამბობს, რომ ყველაზე რთული ის დღე იყო, როდესაც პირველი კოვიდპაციენტები მიიღეს, რადგან მათი მკურნალობის გამოცდილება არავის ჰქონდა. ამ სირთულეს ისიც დაემატა, რომ პირველივე დღეს რეანიმაციაში 23-ვე საწოლი თითქმის ერთდროულად შეივსო.
მაია ხარაძემ “ევრონიუს ჯორჯიას” თავისი ამბავი მოუყვა:
„ნოემბერში მე თვითონ დავინფიცირდი კორონავირუსით და პაციენტი გავხდი. გვერდიდან შევხედე იმ საქმეს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ და უფრო მეტად გავაცნობიერე, რომ თურმე ძალიან ძნელი და საპასუხისმგებლო ყოფილა ჩვენი საქმიანობა. ინფიცირების დროს ჩემი მდგომარეობა შეფასებული იყო, როგორც საშუალო სიმძიმისა, მაგრამ მაინც არასასიამოვნო პროცესი იყო.
ავადმყოფობის დროსაც ჩემს საქმეს ვემსახურებოდი. როდესაც კლინიკაში მძიმე პაციენტი გიწევს, შენც პაციენტი ხარ და ვერაფერს აკეთებ, ეს ძალიან რთულია. მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, აუცილებელი იყო, მაინც შემესრულებინა ჩემი საქმე, იმისათვის, რომ ჩემს პაციენტებს არ დაჰკლებოდათ არც წამალი და არც მზრუნველობა.
თუ დღემ ისე ჩაიარა, რომ დანაკლისი არ გვაქვს, ძალიან გვიხარია. მაგრამ თუ პაციენტებიდან რომელიმე გამოგვეცალა ხელიდან, ეს წარმოუდგენლად რთულია. შესაძლოა, ვინმე ფიქრობს, რომ ამას შევეჩვიეთ, მაგრამ ამასთან შეგუება და მიჩვევა შეუძლებელია. პაციენტი რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, თუ მას ვერ გადავარჩენთ, ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც აცნობიერებ, რომ ვერ გაიმარჯვე ამ ბრძოლაში, ძალიან ცუდი შეგრძნებაა.”
ავტორი: ანანო ღუდუშაური