მთავარისაქართველო"ქართულ ოცნებას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს

“ქართულ ოცნებას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს

16 იანვარს პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს. ღონისძიებაზე პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობაც გახდა ცნობილი. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს 20 წევრი ეყოლება. ქართული ოცნების გენერალური მდივნის თანამდებობაზე კვლავ თბილისის მერი კახი კალაძე დარჩა. ყრილობას საქართველოს მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრო. ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა პარტიის ყოფილი თავჯდომარე და ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. პარტიის რიგით მეექვსე ყრილობა რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

“შესაძლებელია ყველა იმ გამოწვევაზე პასუხი, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ახლა საქართველო, პანდემიიდან გამომდინარე, უამრავი სირთულის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გუნდს ყოველდღიური მუშაობა მართებს იმისათვის, რომ ყველა ეს გამოწვევა დავძლიოთ. მე პირადად ჩემი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”, –  განაცხადა  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

“პარტიაში მთელი პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები იმ გუნდზე გადმოდის, რომელიც დღეს განახლებული სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე. გარწმუნებთ, რომ ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ იმ პროგრამასა და ამოცანებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიის წინაშე დგას”, – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტიის წევრებს ყრილობაზე შესვლა ხმაურის ფონზე მოუხდათ. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქცია გაიმარა. აქციის მონაწილეებს ბანერის გაშლა სურდათ, რომელზეც ეწერა „არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“. ადგილზე მობილიზებულმა სამართალმდაცველებმა მათ ბანერის გაშლისა და გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს, რის გამოც ვითარება დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად 9 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შემდეგ აქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა. პოლიციამ ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

“ბანერის გაშლას ვცდილობდით და გვითხრეს, აქ არ გაშალოთ გზას დაკეტავთო. არადა სინამდვილეში გზას არ ვკეტავდით. ამის შემდეგ ჩემზე მიუთითეს და თქვეს ეს დააკავეთ, რადგან წინააღმდეგობას გვიწევსო და შეურაცხყოფას გვაყენებსო. ეს სრული აბსურდია. დაკავების დროს ყელის არეში მივიღე დაზიანება, ახლა კი ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს”, –  ამბობს ფარნავაზ გრიგოლია, საპროტესტო აქციის მონაწილე.

არსებული კრიზისისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ქართული ოცნების ლიდერები პირობას დებენ, რომ განახლებული პოლიტსაბჭოს წევრებითა და პარტიის ახალი თავმჯდომარით, ქვეყნის მართვას უკეთ  შეძლებენ. ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” მეოთხე თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში, შემდეგ  2018 წლიდან ამ დრომდე, პარტიას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. 2013-2015 წლებში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო 2015-2018 წლებში გიორგი კვირიკაშვილი იკავებდნენ.

ავტორები: ანანო ღუდუშაური, ალეკო გვეტაძე

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend